“საზოგადოება ნუ შევა შეცდომაში და ნუ გაითვალისწინებენ გამონათქვამებს არასამთავრობოების მხრიდან, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ ვინმემ დაარღვია, მთავრობის პირმა, უდანაშაულობის პრეზუმფცია. ეს არის ტყუილი. კარგად გადახედონ კადრებს და გაიგონ, როდის ახსენა ღარიბაშვილმა ოქროპირიძის გვარი. საერთოდ ხსენებაც არ უნდა, საზოგადოება ისე დგას ყალყზე, რომ წარმომიდგენია, მთავრობაში რა ხდება”, – განაცხადა ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას: “რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ.”
“საია”-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადებით პრემიერმა დაარღვია გიორგი ოქროპირიძის უდანაშაულობის პრეზუმპცია, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
აღნიშნული განცხადება ნინო დიდებულიძემ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ცრუ დასმენის მუხლით ბრალის დამძიმების საკითხი მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა უნდა განიხილოს. სასამართლო პროცესი 12 საათზე დაიწყო. პროცესს ბრალდებული ოქროპირიძეც ესწრება.
პროკურატურამ ოქროპირიძეს ბრალი დაუმძიმა ცრუ დასმენის მუხლის მიხედვით. მას 2015 წლის 10 ივნისს წინასწარი პატირმობის ვადა ეწურება, რადგან 5 ივნისს გამართულ სხდომაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვერდიქტი ვერ გამოიტანა. ამიტომ იგი იქამდე დატოვებს საპატირმოს, სანამ სასამართლო განხილვა დასრულდება.
გამოძიების ცნობით, 2014 წლის 2 სექტემბერს, ღამით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ოქროპირიძე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება გიორგი ოქროპირიძის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).




