ახალი ამბები

ბაქოში ზელენსკის ვიზიტის წინ უკრაინამ აზერბაიჯანს ძებნილი ბლოგერი გადასცა

18 დეკემბერი, 2019 • 1102
ბაქოში ზელენსკის ვიზიტის წინ უკრაინამ აზერბაიჯანს ძებნილი ბლოგერი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბაქოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის ხელისუფლებამ აზერბაიჯანს გადასცა ძებნილი ბლოგერი, – იუწყება „რადიო თავისუფლება“.

აზერბაიჯანის მიგრაციის სამსახურმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ორი დღით ადრე, 12 დეკემბერს მოხდა ბლოგერის, სახელად ელვინ ისაევის, დეპორტაცია კიევიდან.

ამავე სამსახურის თანახმად, ისაევზე აზერბაიჯანის მთავარ პროკურატურას ჰქონდა ძებნა გამოცხადებული, თუმცა განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რა ბრალდება აქვს მას აზერბაიჯანში წაყენებული და რის გამო ჰქონდათ ძებნა გამოცხადებული.

აზერბაიჯანის მიგრაციის სამსახურის თანახმადვე, ისაევმა „დაარღვია უკრაინის კანონები მიგრაციის შესახებ“. აზერბაიჯანში ექსტრადირების შემდეგ იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

უკრაინის ხელისუფლებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია ამ საქმესთან დაკავშირებით.

ისაევი 1998 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში აკრიტიკებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელსაც დიქტატორს უწოდებდა. ასევე, წერდა აზერბაიჯანში კორუფციის შესახებ.

2001 წელს მას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭეს, თუმცა 2019 წლის 26 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შემდეგ დროებით იმყოფებოდა საექსტრადაციო პატიმრობაში, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს შუალედური ღონისძიების (39-ე მუხლი, შეჩერების მექანიზმის) წყალობით გათავისუფლდა, რის შემდეგაც უკრაინაში წავიდა.

უკრაინიდან ისაევის დეპორტაცია უძღოდა წინ პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიტიზს ბაქოში, რომელიც 16-17 დეკემბერს შედგა და რომლის დროსაც ზელენსკი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი