ჰოთფოინთისა და ინდეზიტის ბრენდის სარეცხი მანქანები, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იწარმოებოდა და დიდ ბრიტანეთში იყიდებოდა, შესაძლოა, ხანძარსაშიში იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთში კომპანიამ 2014 წლის შემდეგ გაყიდული ამ მარკის სარეცხი მანქანების ნაწილის უკან დაბრუნება დაიწყო.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, განცხადება ამის შესახებ აღნიშნული ბრენდების მწარმოებელმა კომპანიამ გაავრცელა და აღიარა, რომ ამ სარეცხ მანქანებს კარის ჩამკეტი სისტემის გახურების პრობლემა აქვს, რაც ხანძრის გაჩენის რისკს ზრდის.

BBC-ის განცხადებით, ამ მარკის სარეცხი მანქანების დაახლოებით 20 პროცენტს, რომელიც 2014 წლის შემდეგ გამოჩნდა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, დეფექტი აქვს.

კომპანიის განცხადებით, პრობლემა მათმა უსაფრთხოების ჯგუფმა აღმოაჩინა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, წუნის გამო სერიოზული დაზიანებები არცერთ კლიენტს არ მიუღია, მომხმარებლებს მოუწოდებენ, კომპანიას დაუკავშირდნენ.

კომპანიამ მომხმარებლებისთვის პორტალი შექმნა, სადაც ბრიტანელ მომხმარებლებს შეუძლიათ სარეცხი მანქანის სერიული ნომერი შეამოწმონ, რომელიც კარის შიდა ან გარე მხარეს უნდა იყოს განთავსებული –  ბმული.