ახალი ამბები

საია მოზარდის დაღუპვის გამო შს მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვს

18 დეკემბერი, 2019 • 1779
საია მოზარდის დაღუპვის გამო შს მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის გამო შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვს.

ორგანიზაცია პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს აკისრებს და მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები:

“15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საიას განცხადებით, ამ დროისთვის საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არაა. ორგანიზაციის თქმით, ასევე დასტურდება, რომ პოლიციის განყოფილებაში დროის სხვადასხვა მონაკვეთში ბავშვი რამდენჯერმე დარჩა მშობლის გარეშე, მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში. საიას განცხადებით, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე.

საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ პოლიციელთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მონაწილეობდნენ.


15 წლის ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

სირაძის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ, მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სწორედ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა, რის შედეგადაც, რამდენიმე დღეში, 17 დეკემბერს დაიღუპა.

ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა – იურისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი