ახალი ამბები

ომბუდსმენი ბათუმის ციხეში პატიმრების უფლებების სისტემატურ დარღვევაზე საუბრობს

8 ივნისი, 2015 •
ომბუდსმენი ბათუმის ციხეში პატიმრების უფლებების სისტემატურ დარღვევაზე საუბრობს

ომბუდსმენის ოფისის განმარტებით, დაწესებულებაში მწვავედ დგას არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხი, რადგან ვიზიტისას აშკარა იყო თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, რაც პატიმრების არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

 

სახალხო დამცველის განმარტებით, დაწესებულებაში რჩება დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია, თვითდაზიანების, ძალადობისა და აგრესიის გამოვლენის მაღალი რისკი, რადგან დაწესებულების ადმინისტრაცია ძირითადად ეყრდნობა ე.წ. სტატიკური უსაფრთხოების ელემენტებს (განცალკევება, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა).

 

ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი კვლავაც ხარვეზებით აწარმოებს დაწესებულებაში მიღებული დაზიანებების დოკუმენტირებას, გაზრდილია დისციპლინური სახდელების გამოყენების მაჩვენებელი. ასევე, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსებასაც აქვს ადგილი.

 

ამავე ანგარიშის მიხედვით, სრულად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო სამედიცინო მომსახურება, არ ხდება დაწესებულების საკმარისი მედიკამენტებით მომარაგება. დაწესებულებაში არ არის მენიუ დიაბეტით დაავადებული პატიმრებისთვის. საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებები.

 

 

ციხე
ციხე

სახალხო დამცველი მოუწესრიგებლად მიიჩნევს დაწესებულების ფიზიკურ გარემოსა და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას: მოუგვარებელია ხელოვნური ვენტილაციის, ბუნებრივი განათებისა და წყალმომარაგების საკითხები, დაწესებულებაში პრაქტიკულად არ ხორციელდება ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო აქტივობები.

 

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებაში განთავსებისას პატიმართა ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლობა აფერხებს პაემნის უფლებით სარგებლობას. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება მინით გადატიხრულ ოთახებში, რის გამოც პატიმარი თავის ოჯახის წევრებთან ფიზიკურ კონტაქტს ვერ ამყარებს. სატელეფონო ზარი საკმარისი რაოდენობითა და კონფიდენციალურობის დაცვით ვერ ხორციელდება. არ ხდება დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება.

 

2015 წლის 7-9 მაისს საქართველოს პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განმეორებითი, საკონტროლო ვიზიტი განახორციელა.  ომბუდსმენის განმარტებით, პირველი ვიზიტი 2014 წლის 23-24 ოქტომბერს განხორციელებულა, რომლის დროსაც გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობა ციხის ადმინისტრაციამ არ შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი