“თუ 2015 წლის კვლევის შედეგებს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 2011 წლის შეფასებას შევადარებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი სახეზეა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მედიაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოში. მეტ-ნაკლები პროგრესი შეინიშნება სხვა ინსტიტუტების უმრავლესობაშიც. ამავე დროს, 2011 წელთან შედარებით შემცირდა მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების საერთო ქულა. ამასთან, საჯარო სამსახურის საერთო ქულის მატება საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებით არის განპირობებული, ხოლო პრაქტიკის ნაწილში ამ ინსტიტუტის საერთო ქულა 2011 წელთან შედარებით გაუარესდა”, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ანგარიშში.
პირველი მსგავსი შეფასება 2011 წელს გამოქვეყნდა. 2015 წლის დოკუმენტი ასახავს იმ (დადებით თუ უარყოფით) ცვლილებებს, რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოხდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განმარტებით, ეროვნული ანტოკორუფციული სისტემის კვლევა (რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ შექმნილი ერთიანი მეთოდოლოგიით მრავალ ქვეყანაში ტარდება) მიზნად ისახავს არა ქვეყანაში კორუფციის დონის გაზომვას, არამედ იმ ინსტიტუტების სიძლიერის შეფასებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში კარგი მმართველობის დამკვიდრების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და, ამრიგად, კორუფციის პრევენციის კუთხით. ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება 12 ინსტიტუტს მოიცავს: პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, საჯარო სამსახური, სამართალდამცავი უწყებები, საარჩევნო ადმინისტრაცია, სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პოლიტიკური პარტიები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი.
ინსტიტუტების საქმიანობა შეფასებულია ისეთი ინდიკატორების მიხედვით, როგორებიც არის რესურსები, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდიერება და ინსტიტუტის როლი კორუფციის პრევენციაში. ცალ-ცალკე წარმოებს თითოეული ინსტიტუტის საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასება.
“2011-2015 წლებში მომხდარი ძირითადი პოზიტიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია: მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, რაც გამოიხატება ძირითადი ტელეარხების მიერ პოლიტიკური პროცესებისა და მთავრობის საქმიანობის უფრო მრავალფეროვან და გაწონასწორებულ გაშუქებაში; უფრო დამოუკიდებელი სასამართლო, რაც გამოიხატება მოსამართლეთა უფრო გაბედულ პოზიციაში პროკურატურასთან ურთიერთობისას სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს, აგრეთვე, კერძო მხარეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული ადმინისტრაციული დავების რიცხვის ზრდაში; უფრო პლურალისტური და მთავრობისგან უფრო დამოუკიდებელი პარლამენტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა; უფრო დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც უფრო გამჭვირვალედ მუშაობს და უკეთ ართმევს თავს არჩევნების ორგანიზებას, ვიდრე წარსულში”, – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელშიც ასევე წერია, რომ ამავე დროს, სისტემის ინსტიტუტებში აღინიშნება ზოგიერთი სერიოზული პრობლემაც:
“არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არაფორმალური გარეშე გავლენის ნიშნები, რაც ამცირებს მის დამოუკიდებლობას; პარლამენტი კვლავაც არ არის საკმარისად დამოუკიდებელი იმისთვის, რომ ეფექტური ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის საქმიანობას; ყოფილი თანამდებობის პირთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკური მოტივაციისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნები ჩრდილს აყენებს როგორც სასამართლოს, ისე სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობას; ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, პროფესიონალური საჯარო სამსახური; შეშფოთებას იწყვევს ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევები საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის პროცესში; სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ღია და კონკურენტული ტენდერების გარეშე ხორციელდება”.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ რეკომენდაციებიც შეიმუშავა:
“გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფისთვის გამიზნული სამართლებრივი ნორმები და შეიქმნას პრაქტიკაში მათი განხორციელების სათანადო მექანიზმები, რისი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია შესაბამისი უფლებამოსილებებითა და რესურსებით აღჭურვილი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა; აღმოიფხვრას ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში და შემცირდეს ელექტრონული შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის გვერდის ავლით გაფორმებული კონტრაქტების ხვედრითი წილი; გაგრძელდეს წინსვლა პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნის მიმართულებით, რისთვისაც საჭიროა საარჩევნო სისტემის დარჩენილი პრობლემების გადაჭრა და რესურსებზე პოლიტიკური პარტიების უფრო თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა; აღმოიფხვრას მთავრობაზე არაფორმალური გარე გავლენა; შეიქმნას დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახური, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენისგან. ამისთვის აუცილებელია საკანონმდებლო რეფორმის დასრულება, საჯარო სამსახურში დასაქმების, დაწინაურების, სამსახურიდან დათხოვნისა და ანაზღაურების გამჭვირვალე სისტემის შექმნა, ფავორიტიზმისა და ნეპოტიზმის შემთხვევებისა და არჩევნების შემდეგ საჯარო მოსამსახურეების მასობრივი დათხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.