ახალი ამბებისამართალი

ირაკლი შოთაძე: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს

6 ივნისი, 2015 • 1017
ირაკლი შოთაძე: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს

შოთაძე ამბოს, რომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროფესიონალმა მოსამართლემ და უნდა არსებობდეს შემდგომ გასაჩივრების შესაძლებლობა. 

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ, მიუხედავად 13–საათიანი განხილვისა, ვერც გამამტყუნებელი და ვერც გამამართლებელი ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. შესაბამისად, საჭირო გახდება ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა. 

შოთაძე ამბობს, რომ ამ სასამართლო პროცესის შედეგებით საქართველოს პროკურატურაც ძალიან იმედგაცრუებულია. მისი თქმით, არ მოელოდა ასეთ განაჩენს, რადგანაც მყარი მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ ლაშა მახარაძე გიორგი ოქროპირიძემ მოკლა. 

ასევე, “იმედის” ეთერით შოთაძე დაპირდა მოკლულის დედას, რომ პროკურატურა ამ საქმეზე მუშაობას გააგრძელებს. მანვე დაასახელა მიზეზები, თუ რატომ ვერ მოახერხა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიეღო გამამტყუნებელი ვერდიქტი:

“ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლოსგან, ვინაიდან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ არა პროფესიონალი იურისტები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები. შესაბამისად, აქ მთავარი რიგ შემთხვევებში არ არის ის, რა მტკიცებულებები არის და რამდენად არის გამყარებული სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებითი სტანდარტი, არამედ სხვა რიგი გარემოებები. მით უმეტეს, გასათვალისწინებელი არის ქართველებში არსებული მენტალიტეტი,” – თქვა მან.

შოთაძის განცხადებით, საზოგადოებაში იურისტების, საზოგადოების სხვა წარმომადგენლების, მთავრობისა და პარლამენტარების მონაწილეობით, თუნდაც დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა განიხილონ, რამდენად ერგება ეს ინსტიტუტი ქართულ რეალობას.

ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი