“ქადაგიძე თავად არის ამ ქვეყნის საფრთხე და არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება. თუმცა ბატონ ბიძინას იმაში ვერ ვეთანხმები, რომ მან აპატია მთლიანად, რაც კი პასუხისმგებლობა ჰქონდა მას [ქადაგიძეს] მისი ბიზნესის მიმართ. პროკურატურა მაინც ვალდებულია გამოიძიოს მისი საქმიანობა.
ქადაგიძე თავად აკეთებს პროვოცირებას, რომ ხელისუფლება დაუპირისპირდეს სავალუტო ფონდსა და ზოგიერთ წარმომადგენელს სავალუტო ფონდიდან”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომადგენლების თხოვნით არ დააჭერინა პროკურატურას გიორგი ქადაგიძე “ქართუ ბანკის” საქმესთან დაკავშირებით.
“რა თქმა უნდა, ასეთი არასერიოზული განცხადება სავალუტო ფონდთან დაკავშირებით, რომელიც მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ “ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დააპატიმრა, რადგან მან ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა”.
ივანიშვილის თქმით, ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თხოვნა.
“მე მართლაც გავითვალისწინე, ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ქართუ ბანკი. ქართუ ბანკზე იცოდნენ მათაც, რომ კანონი დაარღვია და ის დასასჯელია. ის კი არ მითქვამს მე, რომ ის დასაჭერია, ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ ვაპატიოთ. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია ეს გავაკეთო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხში ჩაერია იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა მის პირად ქონებას – ქართუ ბანკს.
“ამ შემთხვევაში მე მოვახერხე ამის გაკეთება და ვაკეთებ კიდეც განცხადებას და არა სახელმწიფო და საერთო ქონებაზე, ეს განმარტება მათაც მივეცი, რომ საერთო ქონებაზე რეაგირებას ვერ გავაკეთებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახური ”ქართუ ბანკში” 2011 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ”ქართუს” შემოწმების ოფიციალურ მიზეზად ეროვნულმა ბანკმა მაშინ ტოპმენეჯმენტში მომხდარი ცვლილებები და საინკასაციო მანქანის დაპატიმრება დაასახელა.




