ახალი ამბები

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ქუთაისის აეროპორტიდან რეისებს შეასრულებს

5 ივნისი, 2015 • • 1366
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ქუთაისის აეროპორტიდან რეისებს შეასრულებს

კიევის ბორისპოლის აეროპორტის მიმართულებით პირველ რეისს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 27 ივნისს შეასრულებს.

 

მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, წარმატებით დასრულდა.

 

ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულების დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების გენერალური დირექტორი იური მიროშნიკოვი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის საავიაციო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინტერესი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

 

,,ქუთაისიდან კიევის მიმართულებით შესაძლებელი იქნება მგზავრობა არა მხოლოდ უკრაინის მიმართულებით, არამედ ეს მიმართულება სატრანზიტოდაც გამოიყენება. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ პოზიტიურ დინამიკასთან, რომელიც ჩვენ მაისის თვეში გვქონდა, კერძოდ, ვიზიტორების 15 %-იანი ზრდა. ძალიან კარგია, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები პირდაპირ რეისებს შეასრულებენ უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან.  თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან რეისები კვირაში სამი სიხშირით არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში შესრულდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ყველა კურორტზე დღეს  ბევრი უკრაინელი დამსვენებელია. ,, სპა კურორტებზე, როგორიცაა წყალტუბო, საირმე და ბორჯომი, დღეს ძალიან ბევრი უკრაინელი დამსვენებელი გვყავს. ასევე, ტრადიციულ კურორტებზე, როგორიც არის ბათუმი და სხვა კურორტები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უკრაინელი ჩამოდის. ამისთვის საჭირო გახდა დამატებითი სიხშირეების დანიშვნა და დაემატა ქუთაისი-კიევის რეისი,”- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს ქუთაისი-კიევის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეეძლებათ.

 

ავიაბილეთის საფასური, ორი გზა, 136 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო აეროპორტის ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

 

,,მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის ავიახაზებით ქუთაისიდან ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის გავლით შესაძლებელია მოგზაურობა 50 მიმართულებით- როგორც ევროპის გარშემო, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. დაწყებული დასავლეთში ნიუ-იორკით და დამთავრებული აღმოსავლეთით, პეკინისა და ბანგკოკის ჩათვლით”,- განაცხადა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების გენერალურმა დირექტორმა იური მიროშნიკოვმა.

 

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ავიარეისებს კიევის მიმართულებით უკვე ასრულებს. მიმდინარე წლის ივნისიდან კი ავიაკომპანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან განაახლებს რეგულარულ ავიარეისებს კიევისა და ხარკოვის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი