“რა თქმა უნდა, ასეთი არასერიოზული განცხადება სავალუტო ფონდთან დაკავშირებით, რომელიც მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას არაერთხელ მოუწია განცხადებების გაკეთება, “რომ შეწყდეს ეროვნულ ბანკზე თავდასხმები და ცილისწამებები”.
“ეს არის უპასუხისმგებლო მცდელობა, რომ გადაიფაროს ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ნაცვლად ბრალდებებისა, დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისკენ.
“ამის ნაცვლად დაუღალავი კამპანია გრძელდება ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. ჯერ იყო მოთხოვნა, რომ დაგვეხარჯა სავალუტო რეზერვები, შემდეგ ბრალდება – თითქოს ფულის მასის ზრდითაა გამოწვეული ლარის კურსის ვარდნა და შემდეგ კიდევ განცხადება, რომ ბანკების მხრიდან თითქოს ადგილი აქვს სპეკულაციებს და ადგილი აქვს შეთქმულების თეორიას. ყველა ეს ბრალდება საპნის ბუშტივით სკდება”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, რომ არა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები, ის ზიანი, რომელსაც მიიღებდა საქართველოს ეკონომიკა, უფრო დიდი იქნებოდა.
“მინდა მივმართო მთავრობას და მოვუწოდო, სწრაფად მოვაწეროთ ხელი განზრახვათა ხელშეკრულებას სავალუტო ფონდთან, რომელიც განსაზღვრავს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. ჩვენ არა გვაქვს კუდიანებზე ნადირობის დრო. შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე, ეს არის საზიანო ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ “ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დააპატიმრა, რადგან მან ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა”.
ივანიშვილის თქმით, ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თხოვნა.
“მე მართლაც გავითვალისწინე, ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ქართუ ბანკი. ქართუ ბანკზე იცოდნენ მათაც, რომ კანონი დაარღვია და ის დასასჯელია. ის კი არ მითქვამს მე, რომ ის დასაჭერია, ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ ვაპატიოთ. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია ეს გავაკეთო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხში ჩაერია იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა მის პირად ქონებას – ქართუ ბანკს.
“ამ შემთხვევაში მე მოვახერხე ამის გაკეთება და ვაკეთებ კიდეც განცხადებას და არა სახელმწიფო და საერთო ქონებაზე, ეს განმარტება მათაც მივეცი, რომ საერთო ქონებაზე რეაგირებას ვერ გავაკეთებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახური ”ქართუ ბანკში” 2011 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ”ქართუს” შემოწმების ოფიციალურ მიზეზად ეროვნულმა ბანკმა მაშინ ტოპმენეჯმენტში მომხდარი ცვლილებები და საინკასაციო მანქანის დაპატიმრება დაასახელა.




