ახალი ამბები

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა ტენდერებით 1.4 მლნ მიიღო – TI

16 დეკემბერი, 2019 • 1310
საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა ტენდერებით 1.4 მლნ მიიღო – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. ორგანიზაციის განცხადებით, ამ მუნიციპალიტეტში ტენდერებს და გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტიორი, ოთარ ბუზარიაშვილი იღებს.

ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს.

TI-ში აცხადებენ, რომ მისი კომპანიის, შპს „ჩალიუსის“ დირექტორმა, ოთარ ბუზარიაშვილმა, 2018 წლის ივნისში დააფუძნა კომპანია შპს „ახალი კომპანია 2018“, რომელმაც 2019 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 23 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1,336,748.77 ლარი შეადგინა, 2019 წლის სექტემბერში კი 67,248.36 ლარის ღირებულების ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ოთარ ბუზარიაშვილის გააქტიურება პირდაპირ უკავშირდებოდეს ოთარ ჩალათაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას.

კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, ოთარ ბუზარიაშვილის საქმიანობა სახელმწიფო შესყიდვებს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც თანამდებობაზე ოთარ ჩალათაშვილი აირჩიეს – ბუზარიაშვილის კომპანიას, შპს „ახალი კომპანია 2018“-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა არ უფიქსირდება არანაირი აქტივობა. TI-ს ცნობით, მას არ მიუღია არცერთი ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა სხვა მუნიციპალიტეტში.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან 2019 წელს მიიღო 1,403,997.13 ლარი, მაშინ, როდესაც სხვა წლებში ოთარ ბუზარიაშვილსა და მის კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ 2019 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებულ შესყიდვებში, ჯამში, 3,470,955.62 ლარი დახარჯა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2,638,959.8 ლარი შეადგინა, რომლის 50.65% სწორედ ბუზარიაშვილის კომპანიამ მიიღო.

TI-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ შპს „ახალი კომპანია 2018“-ის მიერ მოგებული 23 გამარტივებული შესყიდვიდან 8-ის ღირებულება 50 ათას ლარს აღემატება, ხოლო 5 მათგანის ღირებულება – 100 ათას ლარს.

“ასევე, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ოთარ ბუზარიაშვილის კომპანია რამდენიმე გამარტივებულ შესყიდვას იღებს ერთსა და იმავე დღეს, დროის ძალიან მცირე ინტერვალებით. ამასთან, ბუზარიაშვილის კომპანიამ 2019 წლის 30 სექტემბერს უკონკურენტოდ მოიგო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტენდერიც, რომლის ღირებულება 67 ათას ლარზე მეტი იყო. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ქალაქ საგარეჯოსა და მის სოფლებში გარე განათების სამუშაოების შესყიდვა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ოთარ ბუზარიაშვილის კომპანია გაიმარჯვებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წლის 15 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერშიც, რომლითაც ქალაქ საგარეჯოში, სათავის ქუჩაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები უნდა შესრულდეს. TI-ს თქმით, ტენდერში შპს “ახალ კომპანია 2018”-ს ერთადერთი კონკურენტი ჰყავდა და 2019 წლის 5 დეკემბერს განხორციელდა მისი დისკვალიფიკაცია.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ოთარ ჩალათაშვილის მიერ დარღვევით შევსებულ დეკლარაციებზეც. კერძოდ, 2018 და 2019 წლებში შევსებულ დეკლარაციებში, TI-ს განცხადებით, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ნაწილში მას მითითებული აქვს 3 კომპანია: შპს „ჩალიუსი”, შპს „სი-ეფ-ჯეი და პარტნიორები”და შპს „ნაზვრევი”.

ორგანიზაციის განცხადებით, კანონის მოთხოვნების მიუხედავად, მას აღნიშნულ კომპანიებში კუთვნილი წილები სხვისთვის მინდობით არ გადაუცია.

TI მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოახდინოს რეაგირება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „ახალი კომპანია 2018“-ის საქმიანობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებში შესაძლო კორუფციული გარიგებების გამოვლენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი