საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის განკარგულებით, სახელმწიფო საპატრიარქოს ათავისუფლებს დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან, რაც გამომდინარეობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საპატრიარქოს შორის 2009 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული უსასყიდლო უზურფრუქტის ხელშეკრულებიდან.
კერძოდ, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების 3.4 მუხლის შესაბამისად, ამავე ხელშეკრულების 2.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და 2.5 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება საპატრიარქო.
ამ ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში, სანდრო ეულის ქ. #3-ში მდებარე #1 და #2 შენობა-ნაგებობებში და მათზე დამაგრებულ 4151 კვ.მ მიწის ფართობზე საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაა” განთავსებული.
ხელშეკრულების 3.4 მუხლი ეხება მხარეთა პასუხისმგებლობასა და სანქციებს, კერძოდ, “ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში “უზურფრუქტუარი” იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და გადასახდელი პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით, დარღვევის წარმოშობის დღიდან ყოველ დარღვეულ დღეზე”.
ხელშეკრულების 2.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, უზურფრუქტუარი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხადოს უსასყიდლო სარგებლობის უფლებით აღებული სახელმწიფო ქონების კომუნალური მომსახურეობის დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დადგენილი ტარიფებისა და წესის მიხედვით გააფორმოს ცალკე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციებთან.
ხელშეკრულების 2.5 მუხლის მიხედვით, უზურფრუქტუარს უფლება არ აქვს დატვირთოს, ანდა მესაკუთრესთან შეუთანხმებლად სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მიღებული ქონება. ამასთან, უზურფრუქტუარს უფლება არა აქვს დატვირთოს ან სხვაგვარად განკარგოს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული უზურფრუქტის უფლება.
ხელშეკრულებას, რომელიც დათარიღებულია 2009 წლის 26 აგვისტოთი, ხელს აწერს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ნათია მელაშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენელი, მონაზონი თამარი (ხათუნა გამყრელიძე).




