ნეტგაზეთი | ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულები დაითხოვა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულები დაითხოვა – Netgazeti

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულები დაითხოვა

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ ვერც გამამტყუნებელი და ვერც გამამართლებელი ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა 13-საათიანი განხილვის მიუხედავად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის გამოც მოსამართლე ეკა აეშიძემ ისინი დაითხოვა. მოსამართლის თქმით, ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა 2015 წლის 10 ივნისს, 12 საათზე შეირჩევა.

საქმეში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 12 ივნისს ეწურება, რაც შესაძლებლობას ზრდის, რომ იგი საქმის დასრულებამდე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე ამბობს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა არ უნდა განიხილონ.

სასამართლო

სასამართლო

“არავითარი ნაფიცი მსაჯული. მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ. არ მაინტერესებს რას ითხოვს მანიაკი ოქროპირიძე, რომ ასე აშინებს ნაფიც მსაჯულებს, რომ ვერდიქტი ვერ გამოაქვს. 24 საათი ვდგავართ აქ”, – ამბობს ნინო დიდებულიძე, ლაშა მახარაძის დედა.

ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის დედა კი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და პროკურატურამ გააყალბა საქმის მასალები.

“არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, რომ გიორგი ოქროპირიძე დამნაშავეა. ყველა მტკიცებულება არის გაყალბებული პროკურატურის მიერ. წაშლილია ყველა კადრი და ყველა ექსპერტიზა. გიორგი იმ დღეს შემთხვევის ადგილას იქ არ იმყოფებოდა”, – განაცხადა ცირა გოდერძიშვილმა, გიორგი ოქროპირიძის დედამ.

გამოძიების ცნობით, 2014 წლის 2 სექტემბერს, ღამით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ოქროპირიძე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გიორგი ოქროპირიძის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი