ახალი ამბები

დასაკუთრებული უძრავი ქონების სტატისტიკა – საზოგადოება და ბანკები

16 დეკემბერი, 2019 • 1644
დასაკუთრებული უძრავი ქონების სტატისტიკა – საზოგადოება და ბანკები

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” მიხედვით,  2019 წლის ათ თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 1039 უძრავი ქონება გაიყიდა. ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მეტი უძრავი ქონება  – 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა.

ორგანიზაციის განცხადებით, კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კი კრედიტორი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

“საზოგადოება და ბანკები” აღნიშნავს, რომ 2017 წლის შემდეგ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩევა.  ორგანიზაციის განცხადებით, 2017 წელს 1695, ხოლო 2018-ში 1395 ქონება გასხვისდა აუქციონის წესით:

“მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ, ფაქტობრივად, დაურეგულირებელი (რეგულირდება მხოლოდ იმ კერძო იპოთეკარების სექტორი, რომელთა მიერ გაცემული სესხების რაოდენობა აღემატება 20-ს, ხოლო ე.წ. წვრილი იპოთეკარების სექტორის შესახებ მონაცემები არ არსებობს)”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“საზოგადოება და ბანკები” მიიჩნევს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას.

ორგანიზაციის განცხადებით, გასათვალიწინებელია, რომ კერძო პირებისგან მსესხებლები ძირითადად არიან მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა და მიუხედავად კერძო პირებისგან ჩამორთმეული უძრავი ქონების რიცხოვნების კლებისა, კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება კვლავაც სერიოზულად ზარალდება:

“შესაბამისად, სასურველია ამ სეგმენტის წილის რაც შეიძლება მინიმუმადე დაყვანა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ფინანსურად დამძიმებული მოქალაქეების მდგომარეობას გაუმჯობესებისკენ უბიძგებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მიღებული რეგულაციები დადებითად აისახა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების მიმართულებით, თუმცა ჩამორთმეული უძრავი ქონების მოცულობა კვლავაც მაღალია”,  – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ზემოაღნიშნულის მოსაგვარებლად “საზოგადოება და ბანკები” მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება
  • სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება
  • მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება
  • აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი