შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველოს მესაზღვრე-სპეციალისტი მამუკა ქიტუაშვილი და მისი თანამზრახველი პირი – ბ. გ. დააკავეს.
შსს ცნობით, მათ მოქალაქისგან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ძვირფასი ლითონების საბაჟო წესების გვერდის ავლით გადმოტანის სანაცვლოდ ქრთამის სახით 4000 აშშ დოლარი აიღეს.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ასევე, დააკავეს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველოს მესაზღვრე-სპეციალისტი ზურაბ რევაზიშვილი.
გამოძიება მამუკა ქიტუაშვილის მიმართ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ბ. გ-ს მიმართ – ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ზურაბ რევაზიშვილის მიმართ – მძიმე დანაშაულის შუტყობინებლობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით). გამოძიებას შს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.