ახალი ამბები

ერდოღანი აშშ-ს ინჯირლიკის ბაზის დახურვით ემუქრება

16 დეკემბერი, 2019 • 1550
ერდოღანი აშშ-ს ინჯირლიკის ბაზის დახურვით ემუქრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ თურქეთმა, შესაძლოა, დახუროს  ინჯირლიკის ამერიკული ბაზა, სადაც აშშ-ის ატომური იარაღია განთავსებული. ერდოღანის თქმით, ამის მიზეზი აშშ-ის სენატის მიერ თურქეთში სომხების გენოციდის აღიარება და თურქეთისთვის დაწესებული სანქციებია. ამერიკული სანქციების მიზეზი, თავის მხრივ, თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემების ყიდვა გახდა.

“ჩვენთვის თუ აუცილებელი გახდა, ამ ნაბიჯს გადავდგამთ. ცხადია, ამისი უფლებამოსილება გვაქვს… თუ ეს საჭირო გახდება, ჩვენ დავხურავთ ინჯირლიკის ბაზას”, – “როიტერსის” ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ თურქულ ტელეარხ A Haber TV-ს განუცხადა.

გარდა ბაზის დახურვის მუქარისა, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი მიიღებს სენატის საპასუხო რეზოლუციას, რომლითაც განაცხადებს, რომ აშშ-ში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ადგილობრივი ხალხის გენოციდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი