“ვიცი ზუსტად ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როცა ის პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ჩვენ შეხვედრა გვქონდა სავალუტო ფონდის მისიასთან. მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, ამ შეხვედრას ვესწრებოდი. შეხვედრის დასრულების შემდეგ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ დარჩენა ითხოვა. შემდეგ ივანიშვილმა თქვა, რომ სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი.
შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ საქმე მის პირადს ეხებოდა და მან საზოგადოებრივი მის პირადზე წინ დააყენა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დღესვე ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ “ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დააპატიმრა, რადგან მან ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა”.
ივანიშვილის თქმით, ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თხოვნა.
“მე მართლაც გავითვალისწინე, ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ქართუ ბანკი. ქართუ ბანკზე იცოდნენ მათაც, რომ კანონი დაარღვია და ის დასასჯელია. ის კი არ მითქვამს მე, რომ ის დასაჭერია, ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ ვაპატიოთ. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია ეს გავაკეთო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხში ჩაერია იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა მის პირად ქონებას – ქართუ ბანკს.
“ამ შემთხვევაში მე მოვახერხე ამის გაკეთება და ვაკეთებ კიდეც განცხადებას და არა სახელმწიფო და საერთო ქონებაზე, ეს განმარტება მათაც მივეცი, რომ საერთო ქონებაზე რეაგირებას ვერ გავაკეთებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახური ”ქართუ ბანკში” 2011 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ”ქართუს” შემოწმების ოფიციალურ მიზეზად ეროვნულმა ბანკმა მაშინ ტოპმენეჯმენტში მომხდარი ცვლილებები და საინკასაციო მანქანის დაპატიმრება დაასახელა.