ახალი ამბები

იზორია: “ოდეერის” ინსტიტუტის გაუქმების ნაცვლად მისი რეფორმირება იგეგმება

4 ივნისი, 2015 •
იზორია: “ოდეერის” ინსტიტუტის გაუქმების ნაცვლად მისი რეფორმირება იგეგმება

“ოდეერების თემა არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა, რომელიც თქვენ წამოჭერით. ეს არის დასაწყისი რეფორმების. იგეგმება ინსტიტუციონალური რეფორმები და, შესაბამისად, ამ ინსტიტუტის რეფორმაც იგეგმება. [ეს ინსტიტუტი] საჭიროებს გარკვეულ ტრანსფორმაციას,  მაგრამ გაუქმებას არავითარ შემთხვევაში. ამაზე ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვექნება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შსს-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ისინი ფიქრობენ, რომ “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობა საჭიროა. იზორიამ აღნიშნული განაცხადა დღეს, პარლამენტში შსს-ს რეფორმირებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას.

 

ე.წ. ოდეერები (ОДР – офицер действующего резерва) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არიან მივლენილი. თავდაპირველად მათ არსებობას შსს უარჰყოფდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) გაავრცელა ინფორმაცია, რომ მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების შესახებ (CV) სამინისტროებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციისა და მრჩევლის პოზიციაზე მყოფი პირების მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რამდენიმე მრჩეველი შესაძლოა იყოს ე.წ. „ოდეერი“.

 

 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში “ოდეერების” არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ოქტომბერს გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაცია თავის განცხადებაში 3 ასეთ შემთხვევაზე წერს, რომელთაგან ერთი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში ხდება, მეორე- სასჯელაღსრულების სისტემაში, ხოლო მესამე – პროკურატურაში.

ლევან იზორია
ლევან იზორია

მასალების გადაბეჭდვის წესი