ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ უნდა ჩაანაცვლოს სომხეთში რუსულმა ავტობაზარმა ევროპული

16 დეკემბერი, 2019 • 6177
როგორ უნდა ჩაანაცვლოს სომხეთში რუსულმა ავტობაზარმა ევროპული

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


2020 წლის პირველი იანვრიდან სომხეთში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სივრცეში არსებული რეგულაციების შესაბამისად, ევროპიდან და ამერიკიდან მეორადი ავტომობილების იმპორტზე გადასახადი რამდენჯერმე გაიზრდება.  ახალმა რეგულაციებმა ევრაზიულ სივრცეში წარმოებული ავტომობილების გაყიდვას უნდა შეუწყოს ხელი.

დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%- იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ავტომანქანებზე [ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა]. თუმცა 2020 წლიდან სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, რაც განბაჟების გადასახადი განისაზღვრება მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით. ასევე, გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი – კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა.

თუ მანქანა პირადი მოხმარებისთვის ჩამოჰყავს მოქალაქეს, 3 წლამდე წლოვანების შემთხვევაში გადასახადი მანქანის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული – თუკი მანქანის ღირებულება არ აჭარბებს 8500 ევროს, განბაჟების ფასი ღირებულების 54% იქნება. ასევე, – ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე- 2,5 ევრო.

8500-16700 ევროს ღირებულების შემთხვევაში მყიდველს 48%-ის გადახდა მოუწევს, ძრავის თითოეულ კუბურ სმ-ზე კი- არანაკლებ 3,5 ევრო. ავტომობილის 16700 – 42300 ღირებულების შემთხვევაში მოქალაქეები ასევე 48%-ს გადაიხდიან, თუმცა, 5,5 ევროს ძრავის კუბურ სანტიმეტრზე.

დაბოლოს, პრემიუმ კლასის მანქანებისთვის დაწესდა ღირებულების 48% და კუბურ სანტიმენტრზე 20 ევრო.

სომხეთის ახალი ტარიფები უფრო დეტალურად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

დაგეგმილი ცვლილებებით უკმაყოფილო არიან მოქალაქეები. სტატისტიკის მიხედვით, სომხეთში შემოსული მანქანების 90% 7 წელზე მეტი წლოვანებისაა. სომხეთში ასეთ ავტომობილებს სწორედ მისი დაბალი ფასის გამო ყიდულობდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ  ძველ მანქანებზე გადასახადი მანქანის ღირებულებამდე გაიზრდება, მათი ყიდვა შეუძლებელი გახდება.

მაგალითად, თუ 5000 აშშ დოლარის ღირებულებისა და ორლიტრიანი ძრავის მოცულობის 10-წლიანი მანქანის განბაჟება დღეს 2 100 დოლარი ღირს, 2020 წლიდან მასზე გადასახადი, სხვადახვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, თითქმის ხუთჯერ გაიზრდება.

სომხეთის მოქალაქე ავტომობილების იმპორტიორები სომხეთში ავტომბილების იმპორტს 31 დეკემბრამდე ჩქარობენ. ამჟამად დაბალი გადასახადის პირობებში ბევრ მათგანს დიდი რაოდენობით ავტომობილი ჩამოჰყავს. გარდა ამისა, მანქანების გარკვეულ რაოდენობას ყიდულობენ გადამყიდველებიც, რათა შემდეგ მომგებიან ფასში გაყიდონ სომხეთშივე.

შესაბამისად, გიუმრის საბაჟო პუნქტზე კილომეტრიანი რიგებია.

ჩვენთან საუბარში ავტომობილების იმპორტიორი აიკ მარგარიანი ვარაუდობს, რომ ცვლილებები იანვრიდან ბაზარზე გამოიწვევს ქაოსს.

“ჩვენ გვქონდა შანსი, პურის ფული გვეშოვა. ახლა ეს შესაძლებლობა წაგვართვეს. გასაყიდი მანქანები ავტოფარეხებში დარჩება, ვინღა იყიდის ასეთ ფასად?”

2019 წლის განმავლობაში სომხეთში დაახლოებით 110 ათასი მანქანის იმპორტი განხორციელდა. წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ოფიციალური რიცხვი 160 ათასამდე გაიზრდება.

“ამ ცვლილებების მიზანი ის კი არაა, რომ ევრაზიულ სივრცეში ძველი მანქანები გაქრეს ან შემცირდეს, მიზანი საკუთარი, სამამულო წარმოების განვითარებაა ევრაზიული კავშირის იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ავტომობილებს და სურთ, რომ საკუთარი მანქანები გაყიდონ”, –  ამბობს ეკონომისტი სურენ პარსიანი.

პარსიანის თქმით, დაანონსებული განბაჟების ფასის ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა. მხოლოდ ამ წელს მანქანების იმპორტიდან სომხეთში 110 მილიონი აშშ დოლარი შევიდა, რაც დიდი თანხაა პატარა ქვეყნისთვის და დაგეგმილ ცვლილებებამდე, ანუ 2020 წლამდე საბიუჯეტო შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება.

“სტატისტიკა აჩვენებს, რომ სომხეთში მანქანები ძირითადად ამერიკიდან, იაპონიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან შემოდის. შესაბამისად, ახალი რეგულაციების შესვლის შემდეგ სიიდან ის ქვეყნები ამოვარდებიან, საიდანაც იაფი მანქანები შემოდის, რადგანაც მათი ფასი განბაჟებაზე ძალიან გაიზრდება. საუბარია ქართულ ბაზარზე. ქართული საავტომობილო ბაზარი საკმაოდ იაფად მიიჩნევა სომხეთისთვის. იმისთვის, რომ კვლავ პოპულარული გახდეს ქართული ბაზარი და არ შემცირდეს იმპორტი, უფრო ახალი და ძვირადღირებული მანქანები უნდა შესთავაზოს. ვფიქრობ, ეს ცვლილებები ქართულ ეკონომიკაზეც აისახება”, – ამბობს პარსიანი.

რა ბედი ელის მანქანებს, რომლებიც 2020 წლის შემდეგ დარჩება სომხეთში? – ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ფასების ზრდასთან ერთად მყიდველი შემცირდება.

“შიდა ბაზარი შეზღუდულია და უცნობია, მოიძებნებიან თუ არა მყიდველები ამ მანქანებზე, გამყიდველები კი დარჩებიან ნაყიდი მანქანებით და კრედიტებით”.

რეგულაციებზე საუბრისას პოლტიკურ წრეებში პოლიტიკურ კონტექსტზე ამახვილებენ ყურადღებას:

“ფული, რომელიც მაღალი გადასახადებიდან შემოვა, არა სომხეთის, არამედ ევრაზიული კავშირის ბიუჯეტში შევა. ყველაფერი რუსეთის, რუსი მწარმოებლის საკეთილდღეოდ კეთდება. სომხეთი დარჩება ძველი და ევროპული მანქანების გარეშე, მოსახლეობა იძულებული იქნება ახალი და რუსული ავტომობილები შეიძინოს”, –  ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმირებული მოქალაეების კავშირის” კოორდინატორი დანიელ იოანისიანი.

დეპუტატი პარტიიდან “ჩემი ნაბიჯი” არმენ პამბუქჩიანი ამბობს, რომ სამოქალაქო განხილვები მოეწყობა იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციები სომხეთის ინტერესებში არ იმუშავებს, შესაბამისად, ევრაზიულ საბაჟო კავშირთან გამოსავლების ძებნა დაიწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი