ახალი ამბებისამართალი

“მახრჩობდნენ, ასფალტზე მათრიეს, გამაშიშვლეს” — 26 წლის კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

13 დეკემბერი, 2019 • 10338
“მახრჩობდნენ, ასფალტზე მათრიეს, გამაშიშვლეს” — 26 წლის კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

ლაგოდეხში მცხოვრები 26 წლის ტატო (ტარიელ) შეითნიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ჰყვება, როგორ სცემა მანქანაში ლაგოდეხის პოლიციის სამმა თანამშრომელმა, მათ შორის- პოლიციის უფროსმა, როგორ ათრიეს ასფალტზე, ჩატენეს პოლიციის პიკაპში, როგორ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და  გააშიშვლეს.

„ნეტგაზეთს“ შესაბამისი უწყებებისგან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი, შეუჩერდათ თუ არა უფლებამოსილება იმ პოლიციელებს, რომლებსაც ტატო შეითნიშვილი უფლებამოსილების გადამეტებაში, ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეითნიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს „პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის“. პარალელურად, მომხდარზე გამოძიება დაიწყო ახალმა საგამოძიებო ორგანომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

„ასე გვეპყრობა ლაგოდეხის პოლიცია რიგით მოქალაქეებს და ხელის შეწმენდას კიდევ ჩვენზე ცდილობენ… მართალი ვარ, არ ვაპირებ გაჩერებას და მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს“, — ამბობს ტატო შეითნიშვილი.

რა მოხდა – შეითნიშვილის ნაამბობი

ტატო შეითნიშვილის ნაამბობი ასეთია: დაახლოებით 30 ნოემბრის მიწურულს/პირველი დეკემბრის დასაწყისში ლაგოდეხში, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან იყო მანქანით გაჩერებული და ტელეფონს სქროლავდა, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ. ის ასახელებს სამ პოლიციელს, რომლებიც, მისივე თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორისაა პოლიციის უფროსი გიორგი კლიმიაშვილი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მ.კ; პოლიციელი ბ.მ.

„დაკაკუნებაზე ფანჯარა ჩამოვწიე. რომ შევხედე, პოლიციელი იყო, მეთქი, რა ხდება. ძაღლი მყავს -მეთქი, ფანჯარას ჩამოვუწევ და ისე დაგელაპარაკები, საფულე გვერდზე მედო მანქანაში და საბუთი გინდა, რაც გინდა, გაჩვენებ-მეთქი. არც არაფერი [მოუთხოვიათ], მ.კ-მა  ეგრევე გამომიხსნა კარები, გიორგი კლიმიაშვილმა მანქანაში, სალონში, სავარძელზე გადამაწვინა და მახრჩობდა. ის [მ.კ] კიდე თავში მირტყამდა.

ყელში ისე მიჭერდა, რომ გონსაც ვკარგავდი. თავშიც იმდენი მირტყეს, რომ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი… ტვინის შერყევა დამმართეს.

მანქანაში რომ მირტყეს, მაგის მერე გადმომათრიეს მანქანიდან, მაგინებდნენ, ზედ შემდგნენ, მერე მათრიეს ასფალტზე. ხერხემალთან, კუდუსუნთან ბეჭები გადახეხილი რომ მაქვს, ასფალტზე თრევისგან მაქვს.

ტატო შეითნიშვილის ზურგი

ძალით ჩამსვეს თავიანთ პიკაპში. მუხლებს ქვემოთ ფეხები გადმოყოფილი მქონდა მანქანიდან, ისე წამიყვანეს. მოკეცე, თორემ მოგამტვრევო, არადა ფეხებს ვერ შემოვწევდი, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. ჩატენილი ვიყავი,ზედ მეჯდნენ, მაგინებდნენ და მაფურთხებდნენ. მეოთხე პოლიციელი იყო კიდევ, მისი სიტყვები მესმოდა, კარგით, გეყოფათ, ნუ მოკალით ცემითო…

პოლიციაში, განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, შიგნით აღარ ვუცემივარ, მაგრამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. რასაც ჰქვია, მკვდარი და ცოცხალი აღარ დამიტოვეს.

განყოფილებაში გამაშიშვლეს, არადა მანამდე ცოტა ხნით ადრე ფილტვების ანთებით ვიწექი კლინიკაში. დედიშობილა დამტოვეს, ფილტვების ანთებაგადატანილი, ნაცემი, ტვინის შერყევით. არ ვიცი, რას ეძებდნენ, ვითომ ჩხრეკის გამო…

ტატო შეითნიშვილი

განყოფილებაში ექიმი მოვითხოვე. გული მერეოდა, მაგრამ რატომ მერეოდა, ვერ ვხვდებოდი, ისე ცუდად ვიყავი. სასწრაფო თვითონ გამოიძახეს, მე ტელეფონი არ მქონდა, ანუ მანამდე ტელეფონიც დამიხეთქეს დაბლა.

სასწრაფო რომ მოვიდა, გიორგი კლიმიაშვილმა უთხრა, ჯანმრთელია და ჯანმრთელი ჩაუწერეო, ჩამიწერეს. ვითხოვდი, ეუფილინი მომეცით-მეთქი, — ცოტა ხნით ადრე კლინიკაში რომ ვიწექი, ეუფილინი მიკეთდებოდა, იმიტომ, რომ სუნთქვის პრობლემა მქონდა. რაღაც ნემსი გამიკეთეს, მგონი, ანალგინი, ტკივილს გაგიყუჩებსო. ცრემლები სდიოდა იმ ქალს [ვინც ნემსი გამიკეთა], რომ ხედავდა, რა დღეში ვიყავი“.

„კურტკას გიყიდითო“

ტატო შეითნიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მეორე დღეს დროებითი დაკავების იზოლატორიდან გამოუშვეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა, ბ.მ-მ უთხრა, რომ კურტკა, რომელსაც წინა ღამის დაზიანებები აღენიშნებოდა, გადაეგდო: „მეუბნებოდა, გადააგდე კაცო, მე გიყიდი კურტკას, ეგ არ არის პრობლემაო, მაგრამ მერე რომ ვიფიქრე, ნივთმტკიცებაა, არ გადავაგდო-მეთქი, მამაჩემს გავატანე“.

ტატო შეითნიშვილის ქურთუკი

ტატო შეითნიშვილის ქურთუკი

ტატო შეითნიშვილის ქურთუკი

ზუსტად როდის მოხდა?

ტატო შეითნიშვილს უჭირს ზუსტი დროის დასახელება, როდის დაიწყო ინციდენტი, თუმცა ამბობს, რომ მისი ელექტრონული საათი, სავარაუდოდ, დაზიანების შედეგად გაჩერდა პირველ დეკემბერს, 01:50 საათზე. „ჩემი საათი გაიყინა, ორს რომ ათი წუთი უკლდა, მაგ დროს. ამ დროს რა ხდებოდა, რა მომხვდა ხელში, არ ვიცი“, — ამბობს იგი.

მისი თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში აღმოჩნდებოდა, თუმცა ამბობს: „ბოლო დროს ვატყობდი, რომ ვერ იყო ჩემი საქმე კარგად, რასაც ჰქვია, მდევნიდნენ“.

რატომ?

როგორც ტატო შეითნიშვილი „ნეტგაზეთს“ უამბობს, 6 თვით ადრე ის შეესწრო მსგავს ინციდენტს, რომელშიც პოლიციის უფროსი გიორგი კლიმიაშვილი ფიგურირებდა:

„დაახლოებით ექვსი თვის წინ შევესწარი ფაქტს, რომ ფეხით შედგნენ კაცს, რომელიც ეუბნებოდა, გემორჩილებითო… აგინეს, უთხრეს, გარბიხარო, ფეხით შედგნენ და მანქანაში შეტენეს.

მე ვუთხარი, არ არის-მეთქი ეგ კანონიერი ქმედება, არ იქცევით-მეთქი სწორად. აი, მაგაზე იყო [კლიმიაშვილი] „აკრეფილი“, იგივე დღეში ჩაგაგდებ შენცო, მემუქრებოდნენ… გზაზე არ მატარებდნენ, ფეხითაც რომ მივდიოდი, მ.კ. მჩხრეკავდა, ისე „ნაგლად“ მექცეოდა, პროვოკაციაზე რომ წამოვეგე, პოლიციის განყოფილებაშიც სულ მაგინებდნენ და ცდილობდნენ, რომ მდგომარეობიდან გამოვეყვანეთ.

მითხრეს, რამეს გაგიჩალიჩებსო და მაგ ყველაფრის გამო ერთი პერიოდი წასული ვიყავი აფენში, სოფელ გვიმრიანში, ცოტა ხანი ვიმალებოდი…

ჩემი მხრიდან მე მიზეზი არ მიმიცია და ვემორჩილებოდი… ის კი არა, იმ დღეს, ჯანდაბას, თუ გინდათ, ვიქნები ნასვამიც, ოღონდ ნუ მომკლავთ-მეთქი. არაფერი არ გაითვალისწინეს. არ ვიყავი ნასვამი, უბრალოდ ვეუბნებოდი, რომ ვემორჩილებოდი, რაც გინდათ გააფორმეთ საბუთში, ოღონდ ნუ მომკლავთ- მეთქი”.

რას ამბობს პოლიციის უფროსი?

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ლაგოდეხის პოლიციის უფროსს, გიორგი კლიმიაშვილს, ამ ბრალდებაზე პასუხის მოსასმენად, თუმცა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

„არ ვარ ვალდებული, ტელეფონზე პასუხი გავცე ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც მაგ კითხვას დამისვამს“, — გვითხრა მან.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შეითნიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლით.

შსს-ს თანახმადვე, რაც შეეხება იმას, გადაამეტა თუ არა პოლიციამ ძალას მისი დაკავებისას, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს. სხვა დეტალებზე უწყება არ საუბრობს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ შეითნიშვილზე შესაძლო ძალადობაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე“.

ინსპექტორის თანახმად, ამჟამად ტარდება „საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“ საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

„ნეტგაზეთმა“ ორივე უწყებას ჰკითხა, შეჩერებული აქვთ თუ არა შეითნიშვილის მიერ დასახელებულ პირებს უფლებამოსილება გამოძიების ფარგლებში. ჩვენ ასევე დავუკავშირდით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს, რომელიც ამ გამოძიებას კურირებს, თუმცა მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. ინსპექტორის სამსახურისგან კვლავ ველოდებით პასუხს;

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ამ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გამოსათხოვად გადაგვამისართა.

„ნეტგაზეთს“ სამინისტროსთვის უკვე გაგზავნილი აქვს პასუხი ამ ინფორმაციის მისაღებად და მათგანაც ელოდება პასუხს.


წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

პოლიციელები, რომლებსაც სასტიკ ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ, ახლაც მუშაობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი