ახალი ამბები

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა თერაპიისთვის მერია 500 ათას ლარს გამოყოფს

3 ივნისი, 2015 •
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა თერაპიისთვის მერია 500 ათას ლარს გამოყოფს

თინათინ ჭინჭარაულის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის განმარტებით, დღეს ბევრი ბავშვი საჭიროებს ასეთი ტიპის დახმარებას. თუმცა აღნიშნული თერაპიის არც ისე დაბალი ფასის გამო ოჯახები ფულს ვერ იხდიან. 

 

აუტიზმის სპექტრის დარღვევის შემთხვევების დროს ერთი თერაპიის საფასური თბილისის მიმწოდებელ ცენტრებში 12.50-ლარიდან 29 ლარამდე ღირს. 

 

როგორც თინათინ ჭინჭარაული ამბობს, აუტიზმის სპექტრის დარღვევის დროს, საბოლოო შედეგისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს სეანსების ინტენსიურობას. 

 

“თერაპიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. მინიმუმ 1 წელი, ხოლო კლასიკური კვლევების მიხედვით, 2 დან 2.5 წელი მიიჩნევა საკმარის დროდ იმისთვის, რომ ბავშვმა უკვე თერაპიის გარეშე შეძლოს დამოუკიდებლად განვითარება”, – ამბობს თინათინ ჭინჭარული ნეტგაზეთთან საუბარში. 

 

მერიის მიერ გამოყოფილი ფულით თითო ბავშვი თვეში დაახლოებით 20 თერაპიულ სეანსს გაივლის. 

 

თინათინ ჭინჭარაულის თქმით, პირველ ეტაპზე დაახლოებით 240 ბავშვი ჩაერთვება პროგრამაში. 

 

რაც შეეხება პედაგოგების კვალიფიკაციას, როგორც ჭინჭარაული ამბობს, ქცევის გამოყენებით ანალიზში ამ ადამიანებს საბაზისო კურსები აქვთ გავლილი, ზოგ მათგანს კი ეს ცოდნა უცხოეთში აქვს მიღებული.

 

პროგრამაში პირველ ეტაპზე სერვისის ორი მომწოდებელი ჩაერთვება – ნეიროგანვითარების ცენტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკა.

 

როგორც თბილისის მერიაში ცხადებენ, პროგრამის მიზანია, სპეციალური სეანსებით აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება, ადაპტაციური ფუნქციონირების გაუმჯობესება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის განვითარების დონის შეფასებას და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა-განხორციელებას. გარდა ამისა, პროგრამა მშობლის ან ბავშვის სხვა წარმომადგენლის მომზადებასა და კონსულტაციასაც ითვალისწინებს. 

 

პროგრამაში ჩაერთვებიან 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონდათ თბილისში 12 თვის ხანგრძლივობით რეგისტრაცია და პროგრამაში ჩართვის დროისთვისაც თბილისში არიან რეგისტრირებული.

 

პროგრამაში ბავშვების ჩართვა 2 ეტაპად განხორციელდება, კერძოდ, პირველ ეტაპზე მიმწოდებელ დაწესებულებებში აღრიცხვაზე მყოფი ის პირები ჩაერთვებიან, რომლებიც პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ისინი პროგრამით 1 ივლისიდან ისარგებლებენ.

 

მეორე ეტაპზე ჩართვა განხორციელდება მიმწოდებელ დაწესებულებაში ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მოსარგებლეები შეირჩევიან თბილისის მერიაში 2015 წლის 1 ივლისიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე შედგენილი მომლოდინეთა სიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი