დაზარალებულთა უფლებების აღდგენის და მათთვის ქონების დაბრუნების საკითხზე აქტიურად იმუშავა საქართველოს მთავრობამ და მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაევალა, შესაბამისი ზიანის კომპენსირების მიზნით, დაზარალებულებს გადასცენ სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება, რომელიც დაზარალებულს სხვადასხვა საჯარო მოხელეთა უკანონო ქმედებებით იძულებით დაათმობინეს, აჩუქებინეს ან მიატოვებინეს.
დეპარტამენტის პრეზენტაციის დროს, საზოგადოებას შევპირდით, რომ პერიოდულად მივაწვდიდით ინფორმაციის ჩვენი მუშაობის შესახებ და დღეს მზად ვართ წარმოგიდგინოთ დეპარტამენტის სამთვიანი მუშაობის ანგარიში და შედეგები:
ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს მიერ განხილულ იქნა 1000 მდე საჩივარ-განცხადება და 118 სისხლის სამართლის საქმეზე იქნა გამოძიება წარმოებული, რა დროსაც მხილებულ იქნა 5 საჯარო მოხელე, რომლებიც იმდროისთვის დასაქმებული იყვნენ შსს და პროკურატურაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ე.წ. იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია, კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.
კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ კუდის ოპერატიულ თანამშრომელს კონსტანტინე ჭეიშვილს, მისცა უკანონო დავალება, ვინაიდან მას ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები, ამ უკანსკნელს მოეძიებინა კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას. დავალების შესრულების მიზნით, კონსტანტინე ჭეიშვილი დაუკავშირდა შპს „ლაგი“-ს დირექტორს ლაშა კვირიკაძეს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. აღნიშნულზე, დაზარალებულმა ბიზნესმენმა კონსტანტინე ჭეიშვილის მოთხოვნით, 15 000 ლარი ჩარიცხა კუდთან დაახლოებული კერძო პირის გიორგი კენჭაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კონსტანტინე არჩაიას ხელში აღმოჩნდა.
ანალოგიურად, 2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მორიგი გამოძალვა შპს „ლუქსი“-ს წარმომადგენლების მიმართაც განახორციელა. კერძოდ, მისი დავალებით მოქმედმა კონსტანტინე ჭეიშვილმა იმერეთის კუდის შენობაში დაიბარა შპს „ლუქსი“-ს დირექტორი ზაზა ვაშაკიძე და მას სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების გადახდა მოსთხოვა. მოსალოდნელი გართულებებისგან თავის არიდების მიზნით, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გადახდილ იქნა 100 000 ლარი, რაც კონსტანტინე ჭეიშვილმა, დავალებისამებრ მის ხელმძღვანელ კონსტანტინე არჩაიას გადასცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები კვლავ გახდნენ კონსტანტინე არჩაიას უკანონო ქმედებების მსხვერპლი, როდესაც ისინი აიძულეს დამატებით შეეწირათ 10 000 ლარი. მთლიანობაში კონსტანტნე არჩაიას და კუდის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის და იძულების პირობებში კომპანიას გამოსძალეს 110 000 ლარი.
ვინაიდან კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს კონსტანტინე არჩაიას დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, დეპარტამენტი სწავლობს იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენთა გამოძალვის სხვა ფაქტებს, სადაც ასევე კონსტანტინე არჩაია ფიგურირებს.
გარდა ამისა, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ჩატარებული გამოძიებით, გახსნილ იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის სამი ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა პროკურატურასა და შსს რაიონულ სამმართველოში, სამივე ამ შემთვევაში, საჯარო მოხელეების დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა საერთო ნიშნები, ხასიათი და ხელწერა, ისინი მოქმედებდნენ ქონების იძულებით დათმობისა და ჩარმოთმევის მსგავსი სქემებით, რაც ხორციელდებოდა მათი ზემდგომი თანანმდებობის პირების მითითებით და დანაშაულებრივ კონტროლ ქვეშ.
კერძოდ, ერთ შემთვევაში, 2010 წლის ივნისის თვეში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ავტომანქანის სარკის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ თენგიზ ბურჯანაძე. პროკურატურის ხელმძღვანელმა თანადებობის პირმა, დაკავებულის დედას ხათუნა საგანელიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და აყიდინა ა/მანქანა „ტოიოტა ავენსისი 1.8.“, ღირებული 21 000 დოლარად და ა/მანქანა „ჰიუნდაი სონატა“, ღირებული 47 197 ლარად. ა/მანქანის შესყიდვის და დათმობის შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.
მეორე შემთხვევაში, 2010 წლის ოქტომბერში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ხე-ტყის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ გიორგი ჭოხონელიძე. საქმის ზედამხვედველმა რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ბრალდებულის ძმა – ლაშა ჭოხონელიძე დაიბარა პროკურატურაში, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა 47000 ლარად ღირებული ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35“. ა/მანქანის შესყიდვის და დათმობის შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარი.
მესამე შემთხვევაში, 2010 წლის ოქტომბერში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ ზაქრო ოდიშვილი და გოჩა ნიკოლეიშვილი. შსს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ბრალდებულების ნათესავებს მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა ა/მანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი”, ღირებული 34 000 დოლარად. ა/მანქანის ყიდვის და დათმობის შემდგომ ბრალდებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მათ დაეკისრათ ჯარიმა 10 000 ლარი. აღნიშნული ავტომანქანით პოლიციის ხსენებული მაღალჩინოსანი სარგებლობდა.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული სამი საჯარო მოხელიდან, რომლებიც აიძულებდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ შეესყიდათ ა/მანქანები, ორის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ ამ სამი საჯარო მოხელის ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს დავალების გამცემი შსს და პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანადებობის პირების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე და ამ შემთხვევაში დავალების გამცემი პირების მიმართ გამოყენებულ იქნება მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა.
საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს დეპარტამენტის პრეზენტაციისას გაცხადებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და ყველა ქვედა რგოლის საჯარო მოხელის მიმართ, რომელსაც ბრალი მიუძღვით არაძალადობრივ დანაშაულში, გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში არ დაიწყება სისხლისამართლებრივი დევნა და გამოყენებული იქნება დისკრეცია.
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ხუთივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 4 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ოთხივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი ა/მანქანები, რომელთაგანც ორი ა/მანქანა ირიცხება პროკურატურის ბალანსზე, ხოლო ორი ავტომანქანა შსს-ს ბალანსზე.
1. კერძოდ, დაზარალებულ მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს დაუბრუნდებათ „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150”-ის ჯიპი;
2. დაზარალებულ ხათუნა საგანელიძეს დაუბრუნდება ა/მანქანა „ტოიოტა ავენსისი 1.8.“და ა/მანქანა „ჰიუნდაი სონატა“;
3. დაზარალებულ ლაშა ჭოხონელიძეს ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35“ .
ხსენებული ქონებების დასაბრუნებლად, პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა.
ახალი დეპარტამენტი აგრძელებს ინტესიურ მუშაობას ქონების უკანონოდ ჩარმორთმევის სხვა ფაქტების გამოსავლენად და აპირებს აქტიურად გამოიყენოს საქართველოს მთავრობის მიერ ახლად მიღებული განკარგულება სახელმწიფო ბალანსზე არსებული უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ, დაზარალებულების დარღვეული უფლებების ეფექტურად და სწრაფად აღდგენის მიზნით. ასევე დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რისი შედეგების შესახებ ჩვენ საზოგადოებას პერიოდულად ვაცნობებთ.