ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო

12 დეკემბერი, 2019 • 2336
აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. აღნიშნული რეზოლუცია სენატორების, რობერტ მენენდესისა და ტედ კრუზის მიერ მეოთხედ იყო წარდგენილი. წინა შემთხვევებში მისი მიღების ყველა მცდელობა სხვა სენატორების მიერ ვეტოს გამოყენებით სრულდებოდა.

რეზოლუცია სომეხთა გენოციდის “ოფიციალურ აღიარებასა და ხსოვნას” ითვალისწინებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა

ოტომანთა იმპერიის ორგანიზებული მასობრივი გადასახლებისას აღმოსავლეთ ანატოლიიდან სირიის უდაბნოსა და სხვა ტერიტორიებზე ასობით ათასობით სომეხი დაიღუპა. მათი ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი შიმშილისა და ავადმყოფობისგან დაიღუპა.

უამრავი ისტორიკოსი, სახელმწიფო და სომეხი ხალხი ამ პროცესს გენოციდს უწოდებს. თურქეთი არ უარყოფს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, თუმცა ეწინააღმდეგება ტერმინ გენოციდის გამოყენებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები არ ყოფილა „სომეხი ხალხის განადგურების სისტემური მცდელობა“.

სომხეთის თანახმად, ამ პერიოდს 1.5 მილიონი სომეხი ემსხვერპლა, თურქეთიკი  300 000 ადამიანის დაღუპვაზე საუბრობს. გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის (IAGS) თანახმად, დაღუპულთა რიცხვი მილიონზე მეტია. სომხები გენოციდს საკუთარი ტერმინითაც მოიხსენიებენ: „მეც იეღერნ“, რაც „დიდ დანაშაულს“ ნიშნავს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა კონგრესის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა: „გენოციდის აღიარებით ჩვენ პატივს მივაგებთ მის მსხვერპლთა ხსოვნას და ვფიცავთ: აღარასოდეს“!

სომეხთა გენოციდი არც საქართველოს აქვს ოფიციალურად აღიარებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი