ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას

3 ივნისი, 2015 •
ღარიბაშვილი: ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას

ღარიბაშვილი საამაყოდ მიიჩნევს, რომ საქართველო, მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით, მსოფლიოში 29-ე ადგილზეა და “ღია მმართველობის პარტნიორობა მთავრობის რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა”.

 

„გასული წლის სექტემბერში ვიმყოფებოდი გაეროში, სადაც გაიმართა OGP-ის კონფერენცია და ის აშშ-ის პრეზიდენტმა გახსნა. ბარაკ ობამას ამ ინიციატივას უკვე 64 ქვეყანა შეუერთდა. საქართველო მმართველი კომიტეტის წევრია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მმართველობის ღია და გახსნილი სტილით მოწოდებული ვართ ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“.

 

პრემიერის თქმით, საქართველო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის კვლევაში.

 

„დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება და ინოვაცია ღია მმართველობის იდეის რეალიზაციას ემსახურება. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობა ღია მმართველობის ინიციატივის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ პრემიერ-მინისტრის ოფისში დავაფუძნეთ ელექტრონული მმართველობის საკოორდინაციო დეპარტამენტი, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მმართველობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის სერვისები, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ“. 

 

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, მმართველობის საკითხებში მოქალაქეთა მუდმივად მზარდი ჩართულობის კარგი გამოხატულებაა თუნდაც ის საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო შედარებით მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებში აშენებს.

 

„ეს ცენტრები გამიზნულია იმისათვის, რომ მოქალაქეებს ადგილზე  ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოთ საჯარო და კერძო სწრაფი სერვისები, ასევე ერთიან სოციალურ-კულტურულ და საკომუნიკაციო სივრცედ ჩამოყალიბდეს ბიბლიოთეკები, მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკები, უფასო კომპიუტერები და ინტერნეტი.  ჩემი მიზანია, რომ ეს სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს“.

 

როგორც ის ამბობს, მოხარულია, რომ ღია და გახსნილი ინსტიტუტების რიცხვი საქართველოში სულ უფრო იზრდება და თუ აქამდე, მისი თქმით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები იყვნენ აქტიური, ბოლო პერიოდში მათ სასამართლო ხელისუფლებაც შეუერთდა.

 

„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან აბსოლუტურად მოტივირებული, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. ჩვენ სისტემატურად ვმართავთ საჯარო კონფერენციებს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად მოვახდინოთ ინფორმირება, მეტი იყოს მოქალაქეების ჩართულობა. მინდა დიდი მადლიერებით აღვნიშნო თქვენი გადაწყვეტილება, რომ რეგიონალურ კონფერენციას მართავთ თბილისში. ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და ნდობის გამოხატულებაა ჩვენ მიერ აღებული კურსისადმი, რაც არის ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მისწრაფება. გასულ წელს გავაფორმეთ ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ჩვენ ვართ მოტივირებული, საქართველო გარდავქმნათ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მჯერა, თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ის, ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ რეალური დემოკრატია დამკვიდრდეს საქართველოში. ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ და მჯერა, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი არაჩვეულებრივი სამზარეულო და ქართული ღვინო“, – მიმართა პრემიერმა OGP-ის კონფერენციის მონაწილეებს. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო –  პრემიერის Facebook გვერდიდან
ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო – პრემიერის Facebook გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი