ახალი ამბები

ხევსურეთში გლაციალური ღვარცოფი წარმოიქმნა, დაკარგულია 1 მეცხვარე და 500 სული ცხვარი

2 ივნისი, 2015 •
ხევსურეთში გლაციალური ღვარცოფი წარმოიქმნა, დაკარგულია 1 მეცხვარე და 500 სული ცხვარი

“პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში , მდინარე ანზაკის ხეობაში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი არის დაკარგული. ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება ადგილზე გეოლოგების ჯგუფის გამგზავრება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრება შატილში. ქართველი და ჩეხი გეოლოგების მიერ მოხდება ადგილზე სიტუაციის შეფასება, რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად”, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონედან აღმოსავლეთით 4 კილომეტრზე, 30 მაისს დიდი მოცულობის გლაციალური ღვარცოფი წარმოიქმნა. თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი. 

 

სტიქიის ზონამდე მდინარეზე ხიდების არარსებობის გამო მისვლა შეუძლებელია. ადგილობრივების ინფორმაციით, მაშველების ვერტმფრენი კი იქ ამ დრომდე არ გამოჩენილა.

 

როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შატილში გამგებლის წარმომადგენელმა ამირან გოგოჭურმა განუცხადა, დუშეთიდან რამდენიმე მაშველი წავიდა, თუმცა რთული პირობების გამო სტიქიის ადგილამდე ვერ მივიდნენ.  

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის სოფო კობაიძის ინფორმაციით კი, ვერტმფრენი ხევსურეთში რამდენიმე საათის წინ გაფრინდა.

 

მომხდარი სტიქიური პროცესის  შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და გლაციალური ღვარცოფის სავარაუდო განვითარების რუკა მოგვაწოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა.

 

ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია პირველად გიორგი შეთეკაურის ძმამ მაშინ შეიტყო, როდესაც ძმისთვის მთაში საკვები მიჰქონდა.

 

სტიქიის ზონა საქართველო – ჩეჩნეთის საზღვართანაა. სტიქიის ზონამდე სოფელი ხონისჭალაა, სადაც 6 ოჯახი ცხოვრობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი