ახალი ამბები

არჩილს სამეციდინო განათლება აქვს, მე გამიჭირდება კვალიფიკაცია – კობახიძე “ქიმიურ შეტევაზე”

12 დეკემბერი, 2019 • 2287
არჩილს სამეციდინო განათლება აქვს, მე გამიჭირდება კვალიფიკაცია – კობახიძე “ქიმიურ შეტევაზე”

“პარლამენტში განხორციელებული დივერსიის სამართლებრივი, სამედიცინო თუ ქიმიური კვალიფიკაცია რა არის, მე არ ვიცი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ მომხდარი ფაქტის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება შეუძლია.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოზე “სავარაუდოდ ქიმიური შეტევა” განხორციელდა, რადგან სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დაღვრის შედეგად მძაფრი სუნი დადგა. აღნიშნულში მმართველი გუნდის წევრები “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს – ირმა ნადირაშვილს და ლელა ქებურიას – ადანაშაულებენ.

“არჩილი თვითონ არის სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი. მე გამიჭირდება ამ კვალიფიკაციის მიცემა დღეს, ამას დაადგენს ექსპერტიზა. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ეს არის სასოწარკვეთა და ისტერიკა. ისტერიკაში და სასოწარკვეთაში არის ჩავარდნილი ოპოზიცია და ასეთი მდარე და იაფფასიანი ჟესტით სცადეს ყურადღების მიქცევა. საზოგადოების ყურადღება უნდა მიიქციო იმ პრობლემებზე საუბრით, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას. ამას ვაკეთებთ ჩვენ და ამის მაგივრად სუნს აყენებენ პარლამენტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე იყო პირველი, ვინც განცხადება გააკეთა ოპოზიციის მიერ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დაღვრის შესახებ, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

“დავინახე, როგორ შემოვიდა ორი დეპუტატი, ორი ქალბატონი ევროპული ნაცმოძრაობიდან, ერთს შალის ქვეშ და მეორეს ჯიბეში როგორ ჰქონდათ ჩამალული გარკვეული საგნები თუ რაც იყო, არ ჩანდა და როგორ დაიქცა გარკვეული სითხე მათი შემოსვლის შემდეგ. ჯერ დავინახე და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, სუნი რომ დადგა, იქ უკვე ყველაფერი ნათელი იყო”, – დასძინა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი