ახალი ამბები

მარგველაშვილი: სააკაშვილმა მოქალაქეობის დატოვებით შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს

31 მაისი, 2015 •
მარგველაშვილი: სააკაშვილმა მოქალაქეობის დატოვებით შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს

“საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები, ასეთი არის, მაგალითად, მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს ნაბიჯი,”– თქვა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და 30 მაისს ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

 

თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. მაშინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობისათვის მას არ ჭირდებოდა უკრაინის მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქედ რჩებოდა.


მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი