ახალი ამბები

პარლამენტში გაშვებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა “სირცხვილია”

12 დეკემბერი, 2019 • 952
პარლამენტში გაშვებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა “სირცხვილია”

პარლამენტში დაყენებულ  სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა #სირცხვილია. ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მოძრაობის წევრი ნოდარ რუხაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ყველა მათი ქმედება სრულიად უსაფრთხოა  და არავითარ კრიმინალს ადგილი არ ჰქონია. რუხაძე მომხდართან დაკავშირებით დამატებით განმარტებას არ აკეთებს.

პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს დეტალების გარკვევას და ინფორმაციის გადამოწმებას.

როგორც უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ თქვა, სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნი დგას.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ შეუძლოდ გახდა ამ სუნის გამო. ვოლსკის ცნობით, შეუძლოდ გახდა პარლამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი.

სხდომის მიმდინარეობისას, 13:12 საათზე კობახიძემ თქვა: „ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენელი, და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ვხვდებით, მიზანი რა არის. აქედან შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“.

განახლება: “სირცხვილიას” წევრის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს სასესიო დარბაზში გავრცელებულ “ფეკალური მასის სუნზე” პასუხისმგებლობას იღებენ, იყო ხუმრობა.

სერიოზულ ბრალდებას იღებენ თავის თავზე – ვოლსკი „სირცხვილიაზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი