ახალი ამბები

მთავრობის განკარგულებები “საპატრიარქოს საქმიანობის ხელშესაწყობად”

2 ივნისი, 2015 •
მთავრობის განკარგულებები “საპატრიარქოს საქმიანობის ხელშესაწყობად”

ერთ-ერთი განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო საპატრიარქოს ათავისუფლებს დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან, რაც გამომდინარეობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საპატრიარქოს შორის 2009 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული უსასყიდლო უზურფრუქტის ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში, სანდრო ეულის ქ. #3-ში მდებარე #1 და #2 შენობა-ნაგებობებში და მათზე დამაგრებულ 4151 კვ.მ მიწის ფართობზე საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაა” განთავსებული.

 

მეტი დეტალები, თუ რა სახის პირგასამტეხლო ჰქონდა დაკისრებული და რისგან გაათავისუფლა მთავრობამ საპატრიარქოს ტელევიზია, “ერთსულოვნებაში” არ გვითხრეს და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადაგვამისამართეს. ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ოფიციალურად მიგვემართა. სააგენტოს ოფიციალურად წერილობით მივმართეთ, თუმცა როდის მივიღებთ პასუხს, უცნობია.

 

მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით კი, რომელიც ასევე 1 ივნისს გამოიცა, მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებებს გულისხმობს. კერძოდ, აქაც საუბარია დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რომელიც გამომდინარეობს ქონების ეროვნული სააგენტოსა და მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლურ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლას შორის 2011 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებიდან.

 

რამდენიმე დღით ადრე, 25 მაისის განკარგულებით, მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 6 მიწის ნაკვეთი (ჯამურად 1552 კვ.მ ფართობი) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები, ასევე, ქალაქ ხაშურში 48061 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი