ახალი ამბები

ბესელია: მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერ

12 დეკემბერი, 2019 • 635
ბესელია: მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

“არ დავუჭერ მხარს, რა თქმა უნდა. მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების ინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო ჩანაწერი და პარლამენტის სიჩქარე, რომ არ დაელოდოს მართლმსაჯულების განხორციელებას. ვინც კანონის წაკითხვა იცის, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს საბოლოო ინსტანციის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე. რადგან პირი ასაჩივრებს, მიზანშეწონილი არაა პარლამენტის სიჩქარე”,- განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ამ პარლამენტში უმრავლესობაში კარგი იურისტი არ დარჩა, ვისაც შეუძლია კანონის წაკითხვა არა სიტყვა-სიტყვით, არამედ ფართო კონტექსტში და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირა.

სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, დღესვე გავა თუ არა საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე.

უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ თუ სასამართლოს ზემდგომი ინსტანცია მელიას გაამართლებს, პარლამენტს შეეძლება მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენა, თუ ენმ მის ნაცვლად პარლამენტში დეპუტატს არ შეიყვანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი