ახალი ამბები

იღუმენია თამარ გამყრელიძეს საპატრიარქოს ზნეობრივ კომისიაში იბარებენ

11 დეკემბერი, 2019 • 1778
იღუმენია თამარ გამყრელიძეს საპატრიარქოს ზნეობრივ კომისიაში იბარებენ

იღუმენია თამარ გამყრელიძეს, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქია მეუფე პეტრე ცაავასთან ერთად დატოვა, საპატრიარქოს ზნეობრივ კომისიაში იბარებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იღუმენია თავად ავრცელებს.

როგორც იღუმენია თამარ გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მისთვის პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რასთან დაკავშირებით იბარებენ საპატრიარქოში, თუმცა კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს:

“ჩემი უარი საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ე.წ. ზნეობრივ კომისიას. დღეს დამიკავშირდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომელიც საპატრიარქოს ე.წ. ზნეობრივ კომისიაში მიბარებდა. რა თქმა უნდა, თავი შევიკავე.

იმიტომ, რომ არსებული ზნეობრივი კომისია, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება უზნეობის გადაფარვას და უსამართლობის დაკანონებას, ვინაიდან დღემდე დუმს მთავარ პრობლემაზე, მთავარ ბრალდებაზე მთავარი ბრალდებულის მიმართ და სხვა” ,- წერს იღუმენია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე, ის აკრიტიკებს პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველსაც.

აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ კომისიის სხდომამდე განსახილველი საკითხები საჯარო არაა. პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი კი “ნეტგაზეთის” ზარებს არ პასუხობს.

იღუმენია თამარ გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო. მან ეპარქია მეუფე პეტრესთან და სხვა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად დატოვა.

“ნამდვილად ვტოვებ ეპარქიას. მე პირადად აქ არ დავრჩები. სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნები მეც”, – განაცხადა თამარ გამყრელიძემ 11 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი