ახალი ამბები

ტაქსები, რომლებზეც მთლიანად რეკლამა არის გადაკრული, მიუღებელია – კალაძე

11 დეკემბერი, 2019 • 1259
ტაქსები, რომლებზეც მთლიანად რეკლამა არის გადაკრული, მიუღებელია – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მიუღებელია, როცა თბილისში მოძრავი A კატეგორიის ტაქსები მთლიანად რეკლამაბითაა დაფარული.

დღეს, 11 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ ასეთ ტაქსებს საპატრულო პოლიცია სამართლიანად აჯარიმებს, რადგან ისინი მერიის მიერ დამტკიცებულ “ვიზუალურ სტანდარტს” სცდება.

“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპატრულო პოლიციამ დაიწყო იმ ტაქსის მძღოლების დაჯარიმება, რომელთაც ავტომობილებზე რეკლამები აქვთ განთავსებული.  მინდა დავაზუსტო, რომ  A კატეგორიის ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. მათ აქვთ რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, თუმცა გამოყოფილია კონკრეტული ადგილები ავტომობილზე, სადაც რეკალამა უნდა განთავსდეს. დღეს მივიღეთ ის, რომ ქალაქში თეთრი ფერის ტაქსები მოძრაობს, რომლებზეც მთლიანად რეკლამა არის გადაკრული. ეს მიუღებელია და სცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ. შესაბამისად, საპარტულო პოლიციამ ჯარიმები სწორად გამოწერა”, – ამბობს კალაძე.

თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.

თბილისის საკრებულომ რამდენიმე კვირის წინ გაითვალისწინა კახა კალაძის შენიშვნა და ქალაქში დააწესა რეგულაცია, რომლის მიედვითაც, თეთრი ტაქსების “ბამპერი” არ შეიძლება სხვა ფერის იყოს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ტაქსების “ბამპერიც” თეთრი ფერის უნდა იყოს

მასალების გადაბეჭდვის წესი