ნეტგაზეთი | რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ისევ გაძვირდება რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ისევ გაძვირდება – Netgazeti

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ისევ გაძვირდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაზარდა, ამჯერად, 9%-მდე. შესაბამისად, მოსახლეობისთვის გაძვირდება ლარში გაცემული იპოთეკური სესხები, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი ნოემბრის მაღალ ინფლაციას უკავშირებს, რაზეც სხვა ფაქტორებთან ერთად ლარის გაუფასურება ახდენს გავლენას.

“მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს.

როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა”, – აცხადებენ სებ-ში.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის შემცირება გაზაფხულიდან დაიწყება, წლის ბოლოსთვის კი მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხი.

საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი ოქტომბერში გაიზარდა, მაშინ სესხი 111 400 მომხმარებელს გაუძვირდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სწორედ ამდენი სესხი იყო გაცემული. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სესხი დაახლოებით იმავე რაოდენობის ადამიანს გაუძვირდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.