ნეტგაზეთი | სააკაშვილი: დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის საკანში ჯდომას ნიშნავს სააკაშვილი: დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის საკანში ჯდომას ნიშნავს – Netgazeti

სააკაშვილი: დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის საკანში ჯდომას ნიშნავს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც გუშინ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის გუბერნატორი გახდა, განაცხადა, რომ მისთვის ახლა საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად მატროსოვის 6 კვ.მ. საკანში საკუთარ მეგობრებთან ერთად ჯდომას ნიშნავს.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის არქონა მას ხელს არ შეუშლის იმ მომენტისთვის, როდესაც საქართველოში დაბრუნდება.

 

“თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის, როცა მე დავბრუნდები საქართველოში და ეს მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ხალხი როგორც გააუქმებინებს მათ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ჩემზე აღძრეს, ასევე გააუქმებინებს ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქლაქე, როცა ჩამოვიდა და გახდა საქართველოს ლიდერი, ივანიშვილი არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა დარბოდა და ატარებდა საარჩევნო კამპანიას და გახდა საქართველოს ლიდერი. ასე რომ, ეს მოქალაქეობა არავისთვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება. მაგრამ მეორეა, რას ნიშნავს დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ნიშნავს მატროსოვის 6 კვ. მეტრ საკანში ჯდომას სხვა ჩემს მეგობრებთან ჯდომას,”– განაცხადა სააკაშვილმა “იმედის” ჟურნალისტთან საუბრისას.

 

სააკაშვილის განცხადებით, სურდა მოქალაქეობის დაკარგვა თავიდან აეცილებინა, თუმცა ნათელი იყო, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს არ აჩერებდნენ და საქართველოში ჩასვლას მაინც ვერ ახერხებდა.


საქართველოს ექსპრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კანონების თანახმად, მას 2 წლის განმავლობაში შეუძლია იყოს უკრაინის მოქალაქე და ამავდროულად შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობაც. 

მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან
მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სააკაშილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება ნეგატიურად შეაფასა.

 

“საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები, ასეთი არის, მაგალითად, მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს ნაბიჯი,”– თქვა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი