ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქალები ყარაბაღის ახალ პარლამენტში და მოსალოდნელი ცვლილებები

30 მაისი, 2015 •
ქალები ყარაბაღის ახალ პარლამენტში და მოსალოდნელი ცვლილებები

ცესკოს მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 3 მაისს ჩატარდა, 102 042 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 72 296-მა მოქალაქემ, ანუ ამომრჩეველთა 70.8%-მა მიიღო. არჩევნების შედეგად კი, ეროვნულ კრებაში მანდატები მოიპოვა არჩევნებში მონაწილე 7-დან ხუთმა  პარტიამ და რაც წინა არჩევნებისგან განსხვავებულ სურათს ქმნის, არის ის, რომ პარლამენტში მხოლოდ პროსახელისუფლებო ძალები აღარ არიან წარმოდგენილნი.

 

სამთავრობო პარტიამ “თავისუფალი სამშობლო”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ყველაზე მეტი, 15 მანდატი მოიპოვა პარლამენტში. მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს პროსახელისუფლებო პარტიებმა – “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუთიუნი” (7 მანდატი) და “არწახის დემოკრატიული პარტია” (6 მანდატი). პარლამენტში 3 ადგილი მიიღო “მოძრაობა-88”-მ, 1 – “ეროვნულმა აღორძინებამ” და ერთიც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური პარტია არ უჭერდა მხარს და მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა.

 

მთლიანობაში ეროვნული კრების 33 წევრიდან 18 წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. თუმცა წინა პერიოდისგან განსხვავებით, მე-6 მოწვევის პარლამენტარებს მოუწევთ უარი თქვან სხვა სამსახურებზე. კონსტიტუციის 79-ე მუხლის შესაბამისად, დეპუტატებს არა აქვთ უფლება დაიკავონ თანამდებობები სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ან კომერციულ ორგანიზაციებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას ან სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.

 

ამ აკრძალვის გამო დეპუტატის მანდატებზე უარი თქვეს პრემიერ-მინისტრმა არაიკ არუთუნიანმა, სტეპანაკერტის მერმა სურენ გრიგორიანმა, ვიცე-პრემიერმა არტურ აგაბეკიანმა და ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორმა ვალერი ბალაიანმა. მათგან განსხვავებით, თანამდებობებზე უარს აცხადებენ დეპუტატები, რომელთა შორის არიან სკოლების დირექტორები, უნივერსიტეტის დეკანი, კერძო კომპანიების ხელმძღვანელები.

მთიანი ყარაბაღის პარლამენტი, ფოტო: kavkaz-uzel.ru
მთიანი ყარაბაღის პარლამენტი, ფოტო: kavkaz-uzel.ru

21 მაისს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, მუდმივმოქმედი კომისიების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები აირჩიეს.

 

ეროვნული კრების თავმჯდომარის პოსტი ისევ აშოტ გულიანმა მიიღო, რომელიც ამავე პოსტს იკავებდა წინა ორი მოწვევის პარლამენტშიც. ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ის არ არის პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიების (“თავისუფალი სამშობლო” და “დაშნაკცუთიუნი”) წარმომადგენელი, თუმცა წარმოადგენს “არწახის დემოკრატიულ პარტიას”, რომელმაც თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა არჩევნების შემდეგ “თავისუფალ სამშობლოსთან” იმაზე, რომ პარტიები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან პარლამენტში. ანალოგიური მემორანდუმი არ გაუფორმებია “დაშნაკცუთიუნს”, თუმცა  პარტიის თავმჯდომარემ არჩევნების შემდეგ სტეპანაკერტში განაცხადა, რომ მხარს უჭრეს ლიდერ პარტიას – “თავისუფალ სამშობლოს”. სწორედ ამ სამმა პარტიამ გაინაწილა პარლამენტში თანამდებობები.

 

შვიდი მუდმივმოქმედი კომიისიიდან ხუთს “თავისუფალი სამშობლოს” წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ, ხოლო თითო-თითოს – არწახის დემოკრატიული პარტია და დაშნაკცუთიუნი. ამ უკანასკნელი პარტიის წარმომადგენელი აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. სამ სახელისუფლებო პარტიაში გადანაწილდნენ კომისიების თავმჯდომარეების მოადგილეებიც.

 

ორ მუდმივმოქმედ კომისიას ქალი უხელმძღვანელებს. ჟანა გალსტიანი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო, ამჯერად თავდაცვის, უშიშროების და მართლწესრიგის საკითხთა კომისიას უხელმძღვანელებს, ხოლო არზიკ მხიტარიანი საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ უკანასკენლმა საკადრო საკითხმა ბევრი ადამიანის გაოცება გამოიწვია ყარაბარში, რადგან მხიტარიანს პარლამენტში არჩევამდე არწახის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანის პოზიცია ეკავა და არანაირი საერთო არ ჰქონია საგარეო პოლიტიკასთან.

 

პარლამენტში არჩეული ხუთი ქალიდან სამი წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო, ორი კი ახალი სახეა. ამასთან ოთხი მათგანი არჩეული იქნა პროპორციული წესით და ერთი- მაჟორიტარულით.

 

რაც შეეხება პარტიულ კუთვნილებას, 2 ქალი წარმოადგენს “თავისუფალ სამშობლოს”, 2 – “დემოკრატიულ პარტიას” და 1 – “დაშნაკცუთიუნს”.

იმის მიუხედავად, რომ ახალ პარლამენტში პროსახელისუფლებო პარტიები დომინირებენ, აშკარაა, რომ საკანონმდებლო ორგანოში აქამდე არსებული იდილია დაირღვევა. პარლამენტი, როგორც წესი, მორჩილად ამტკიცებდა კანონებს, რომლებსაც ეროვნულ კრებას მთავრობა სთავაზობდა. თუმცა იმის გამო, რომ ამჟამინდელ პარლამენტში ორი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები შევიდნენ, ცხადია, რომ ადგილი ექნება კრიტიკასა და ოპონირებასაც, ასევე, რაიმე წინააღმდეგ ხმის მიცემასაც, რასაც წინა წლებში ადგილი არ ჰქონია. ასეთი წინააღმდეგობა პირველივე სხდომაზე დაფიქსირდა, როდესაც ფარული კენჭისყრის დროს პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიების თავმჯდომარეეებისა და მოადგილეების არჩევისას წინააღმდეგ ხმა სულ მცირე 3-მა დეპუტატმა მისცა. ასევე, იყო ალტერნატიული მოსაზრებები და მწვავე კრიტიკა და ასეთი გამოსვლები ჰქონდათ “მოძრაობა 88”-ისა და “ეროვნული აღორძინების” დეპუტატებს. თუმცა ფაქტია, რომ მცირერიცხოვნობის გამო ოპოზიცია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რაიმე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი