ახალი ამბები

დავითგარეჯის წინამძღვარის ცნობით, ინციდენტი მონასტრის სიახლოვეს არ მომხდარა

11 დეკემბერი, 2019 • 1647
დავითგარეჯის წინამძღვარის ცნობით, ინციდენტი მონასტრის სიახლოვეს არ მომხდარა

დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი ამბობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ინციდენტი, რომლის შედეგადაც შსს-ს მიხედვით საქართველოს მოქალაქე დაშავდა, გარეჯის მონასტრის სიახლოვეს არ მომხდარა.

“აქ რომ მომხდარიყო რამე, პირველი ჩვენ ვიტყოდით”, – უთხრა არქიმანდრიტმა ნეტგაზეთს.

“დასამალი არაფერია. აჩვენებენ მონასტრის ხედებს და საუბრობენ სადღაც მომხდარ ამბავზე. ტრაგედიაა, როცა ასეთი რამ ხდება, მაგრამ მონასტრის ხსენება ისედაც არეულ სიტუაციაში საკითხს ხელოვნურად ართულებს და ძაბავს”, – აცხადებს არქიმანდრიტი.

ტელეკომპანა “მთავარის” ინფორმაციით, გარეჯის უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს.

“მთავარი” მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. ერთის მიხედვით, მწყემსს ცხვრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაექცა, სადაც გადავიდა და მესაზღვრეებმა ესროლეს; მეორე ვერსიით, მესაზღვეებმა ძაღლს დაუმიზნეს, თუმცა ტყვია მწყემსს მოხვდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, განჯის საავადმყოფოში მკურნალობს, სადაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას “ინციდენტის შესახებ”, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე დაზარალდა, თუმცა არ აკონკრეტებენ, საზღვრის რომელ მონაკვეთზე მოხდა ინციდენტი, რეალურად იყვნენ თუ არა მასში ჩართული აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და სხვა.

“საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი მოინახულეს შსს-ს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველი ორგანოები”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი