ახალი ამბებისაზოგადოება

რას წარმოადგენს გამოცდები, რომლითაც ექიმები ხდებიან საქართველოში

11 დეკემბერი, 2019 • 6227
რას წარმოადგენს გამოცდები, რომლითაც ექიმები ხდებიან საქართველოში

სამედიცინო სფეროს რეზიდენტურის და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად დაწესებული საფასურის პარალელურად, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ნაწილი ტესტების შინაარსსაც აკრიტიკებს.

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ნაწილის ინფორმაციით, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ტესტები, რომლის ჩაბარების შემდეგაც მათ სამედიცინო სფეროს პრაქტიკულ ნაწილში უნდა დაიწყონ მუშაობა და რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში უშუალოდ პაციენტებთან ექნებათ შეხება, არის ძველი, გაუმართავი და შეიცავს შეცდომებს.

მომავალი ექიმების რეზიდენტურის და საკვალიფიკაციო გამოცდების საკითხი აქტუალური გასულ კვირას გახდა, როცა სტუდენტებმა ტესტირებაზე გასვლის საფასურის დაწესება გააპროტესტეს.  სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 120 ლარით, ხოლო საკვალიფიკაციო (რეზიდენტურა) გადასახადი 80 ლარით განისაზღვრა.  პროტესტის შემდეგ გამოცდაზე გასვლის ღირებულების ფასები განახევრდა, თუმცა, როგორც გაირკვა, სტუდენტთა ნაწილი არა მხოლოდ გადასახადის დაწესებას, არამედ ტესტების შინაარსობრივ მხარესაც აკრიტიკებს.

რას აკრიტიკებენ სტუდენტები

სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ნოდარ სიხარულიძის თქმით, საექიმო საქმიანობის მოსაპოვებლად საჭირო ეტაპების გავლა ექიმის კვალიფიციურობის შეფასებას არ უზრუნველყოფს, ამის მაგალითად კი ტესტირების სისტემა მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, ორიენტირებულია არა სტუდენტების რეალურ შესაძლებლობებზე, არამედ მათ მეხსიარებაზე:

“ქუჩაში რომ გააჩერო ადამიანი, რომელსაც სრულიად არ აქვს შეხება მედიცინასთან, ის ადამიანიც კი დაიზეპირებს ამ ტესტებს გარკვეულ დროში და შეიძლება ტოპ ათეულშიც კი მოხვდეს”, – ამბობს სიხარულიძე.

მისი განმარტებით, მოქმედი ტესტირების სისტემა მოძველებულია და გარდა იმისა, რომ არ შეესაბამება არსებულ სამედიცინო რეალობას, ხშირ შემთხვევაში შეიცავს შეცდომებს:

“ტესტები არის ძალიან ზედაპირული, არაფრის მომცემი, ბევრი ხარვეზების მქონე, შეცდომებით სავსე. ძალიან ბევრი შეცდომა შეიძლება აღმოაჩინო. შემთხვევითი 100 ტესტი რომ აიღო, იმ 100 ტესტში შეიძლება 4-5 ტესტი გაიპაროს შეცდომით. რეზიდენტურის გამოცდაზე არის 200 ტესტი, ამ ორასი ტესტიდან 8-10 თუ იქნება შეცდომითი და ხარვეზიანი, უკვე ძალიან ცვლის შენს შედეგს”, – ამბობს სიხარულიძე.

სიხარულიძის თქმით, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ტესტები არის მოძველებეული და არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. მისი განმარტებით, ტესტების ნაწილი 10 წლის წინ არის შედგენილი, მაშინ როდესაც სამედიცინო სფერო ყოველწლიურად ვითარდება:

“მედიცინა წინ მიდის, ჩვენ კი სხვადასხვა მხრივ საგრძნობლად ჩამოვრჩებით მას, მათ შორის ტესტირების კუთხით – შეიძლება ტესტებში მოცემული პასუხები 2 წლის წინაც კი სწორი ყოფილიყო, მაგრამ დღეს სულ სხვა რეალობა გვქონდეს. ეს კი სტუდენტებს უბიძგებს, არასწორად დაიზეპირონ პასუხები და როდესაც უშუალოდ საავადმყოფოში პრობლემასთან შეჯახება მოუწევთ, დიაგნოზი არასწორად გაიაზრონ, რაც მკურნალობაზეც აისახება”, – ამბობს სიხარულიძე.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საიტზე განთავსებულია კითხვები, რომლის მიხედვითაც სამედიცინო სფეროს სტუდენტები სასერტიფიკატო და საკვალიფიკაციო ტესტირებას აბარებენ. აქვე მითითებულია გამოყენებული ლიტერატურაც, სადაც აღნიშნულია წიგნების გამოშვების თარიღი, მათგან 31 წიგნი 2015-2019 წლებს ეკუთვნის, ხოლო 25 წიგნი 2005-2015 წლებშია გამოშვებული, გარკვეულ ლიტერატურას კი თარიღი მითითებული არ აქვს, თუმცა უცნობია, ზუსტად რა პროპორციებით გამოიყენება აღნიშნული ლიტერატურა ტესტების შედგენისას.

სიხარულიძის თქმით, აუცილებელია საქართველოში არსებული ტესტირების სისტემის შეცვლა და მსოფლიო მაგალითების გათვალისწინებით სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნილი  საგამოცდო სისტემის ჩამოყალიბება.

აშშ-ის გამოცდილება

ტესტირების სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნუცა ღულაძეც, რომელსაც შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდებისთვის [USMLE] საჭირო მომზადება აქვს გავლილი, ამჟამად კი რეზიდენტურას აბარებს საქართველოში. მისი განმარტებით, ქართულ და უცხოურ სისტემებს შორის განსხვავება რადიკალურია:

“USMLE-ის გამოცდაზე არცერთი ტესტი არ არის ღია, რაც ნიშნავს, რომ გამოცდის ჩაბარების მსურველებს არ უწევთ კითხვა-პასუხების დაზეპირება, არამედ ეს ტესტები ორიენტირებულია კითხვების გააზრებაზე. ვფიქრობ, ჩვენი გამოცდა არის დაფუძნებული სხვა უნარებზე, მაგრამ არა ცოდნაზე – თუ შეგიძლია ტესტების დაზეპირება, მაშინ კარგად დაწერ და თუ არ შეგიძლია, მაშინ ვერ დაწერ”, – ამბობს ღულაძე.

მისი განმარტებით, USMLE-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად სტუდენტს უწევს სამი ეტაპის გავლა:

  • ტესტირება
  • სიმულაცია
  • გასაუბრება

შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდების სტანდარტები ასეთია:

პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს კურსდამთავრებულებს უწევთ ტესტირების გავლა, რომელიც შედგება მხოლოდ დახურული ტესტებისგან, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ კითხვაში მოცემულია შესაძლო კლინიკური მაგალითები, სადაც მოყვანილია პაციენტის სიმპტომები და სამედიცინო ისტორია. სწორედ ამ ორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცდის ჩაბარების მსურველს უწევს ისეთ ტესტებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაფუძნებულია კითხვებზე: რა და რატომ?

მეორე ეტაპზე გამოცდის ჩაბარების მსურველმა საკუთარი ცოდნა პრაქტიკაში უნდა გამოსცადოს, რისთვისაც მათ შეხება აქვთ უშუალოდ პაციენტის სიმულატორთან, რომელიც საკუთარ სიმპტომებს უზიარებს გამოცდის ჩაბარების მსურველებს, მათ კი სწორი დიაგნოზის დასმა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით უნდა მოახერხონ.

ორი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოცდის ჩაბარების მსურველი ხვდება სამედიცინო სფეროს პროფესიონალებისგან შემდგარ კომისიას, რომელთან ინტერვიუს წარმატეებით გავლის შემდეგაც გამოცდა დასრულებულად ითვლება, გამოცდის ჩაბარების მსურველს კი ექიმის ლიცენზია ენიჭება.

საქართველოში გამოცდა მხოლოდ ტესტირებას მოიცავს. ეს გამოცდა წელიწადში ერთხელ ტარდება ტესტური კითხვების ფორმით, რომელთა რაოდენობა, ჯამში, 200-ს შეადგენს. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გათვალისწინებულია 40 დახურული და 160 ღია, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდაზე 50 დახურული და 150 ღია შეკითხვა. გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის პირმა 151 კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი, რაც ნიშნავს, რომ 150 ღია და ერთ დახურულ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შედეგად პირს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება.

ღია შეკითხვა ნიშნავს, როდესაც ტესტში მოცემულია შეკითხვა და რამდენიმე სავარაუდო პასუხი, საიდანაც სტუდენტმა ერთი სწორი პასუხი უნდა ამოირჩიოს. დახურული შეკითხვის დროს ტესტში აღწერილია პოტენციური კლინიკური შემთხვევა ან პაციენტის ჩივილები, საიდანაც სტუდენტმა ზუსტად უნდა გამოიცნოს დიაგნოზი, ან განსაზღვროს მკურნალობის მეთოდი და ა.შ. სტუდენტებისთვის წინასწარ არის ცნობილი ტესტების ნიმუშები, სადაც რამდენიმე ათასი კითხვაა მოცემული, სწორედ ამ ნიმუშიდან მიიღებენ ისინი ე.წ. ღია შეკითხვებს გამოცდაზე, ხოლო დახურული შეკითხვები ნიმუშებიდან გამოცდაზე არ განმეორდება.

საქართველოს ჯანდაცვა

სამედიცინო სფეროს სტუდენტების მსგავსად, სისტემას მოძველებულად მიიჩნევს ჯანდაცვის კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძეც. მისი ინფორმაციით, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სასურველია, რომ შედეგი უფრო ადრე დაიდოს, ვიდრე დაგეგმილია.

“ის, რომ სისტემა მოძველებულია, ახალი არავისთვის არ არის, თუმცა აუცილებელია ამ მიმართულებით სასწრაფოდ რაიმე ზომების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ თემებზე აქტიურად მუშაობენ, მათ მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმა გაწერილია 2024 წლამდე, რაც ვფიქრობ, ძალიან გვიანი ვადაა”, – ამბობს ზოიძე.

მისი განმარტებით, აუცილებელია როგორც ტესტირების სისტემის შეცვლა, ასევე, ჯანდაცვის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაც, რომელიც საერთო ჯამში არაკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

თუ სტუდენტების ნაწილის კრიტიკა გამოცდების შინაარსზე სწორია, მაშინ რამდენად ექნება ეფექტი მხოლოდ გამოცდების გართულებას, თუ ზოგადად სამედიცინო სფეროში მიღებული ცოდნა იგივე დარჩება? შეძლებენ თუ არა სტუდენტები საქართველოში მიღებული განათლებით უფრო რთული გამოცდების ჩაბარებას?

ნოდარ სიხარულიძის და ნუცა ღულაძის თქმით, ტესტირების გართულება არ იქნება ერთადერთი გამოსავალი, რადგან ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს უშუალოდ ბაკალავრიატის მსვლელობისას ნასწავლი მასალაც, რომელიც ასევე საჭიროებს განახლებას.

სტუდენტების კრიტიკის საპასუხოდ “ნეტგაზეთი” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშრიდა, რომლის ინფორმაციითაც აღნიშნული დეტალები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მოვალეობაში შედიოდა, თუმცა სააგენტოში გვითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოსაპოვებლად კვლავ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა. ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური წერილის გამოგზავნა მოითხოვა, რომელზე პასუხსაც “ნეტგაზეთი” უახლოეს დღეებში ელოდება.

სტატისტიკა

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვრება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და რეზიდენტურის გამოცდის ჩატარების და ჩარიცხვის წესი. კანონის მიხედვით განსაზღვრულია გამოცდის მიზანიც, რომლის მიხედვითაც სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომირებული კურსდამთავრებული მოიპოვებს რომელიმე საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლებას.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საკვალიფიკაციო (რეზიდენტურის) გამოცდებზე გამოცხადდა 1819 ადამიანი, მათგან 45%-მა მიიღო დადებითი შეფასება, ხოლო 55% გამოცდაში ჩაიჭრა.

რაც შეეხება სასერტიფიკაციო გამოცდებს, გამოცდაზე გამოცხადდა სულ 1041 ადამიანი, მათგან გამოცდის ჩაბარება 77%-მა პროცენტმა მოახერხა, ხოლო 151- ქულიანი ბარიერის გადალახვა 23%-მა პროცენტმა ვერ შეძლო.

კანონის მიხედვით, მათ, ვინც ვერ შეძლებს პირველ ჯერზე გამოცდის წარმატებით გავლას, ეძლევა მეორე შანსიც, სადაც წინა გამოცდის ქულები გაბათილებულად ითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი