ახალი ამბები

რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა – ცქიტიშვილი

10 დეკემბერი, 2019 • 1635
რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა – ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქტიშვილი ამბობს, რომ გარემო არ ზიანდება ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვით, მეტიც, გურიის რეგიონს დენდროლოგიური პარკის სახით ახალი “ღირსშესანიშნაობა” ემატება.

“ვიცი რა ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, რომ ყველა ის საქმე, რომელსაც ის აწარმოებს, მიმართულია კონკრეტული სოციალური ამოცანების შესასრულებლად. ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ცდილობდა ხეების გადარგვა მავნებლობად წარმოეჩინა. სინამდვილეში, იმ საზოგადოებამ, ვისთავისაც ეს ყველაფერი კეთდება, ძალიან კარგად იცის, რომ ხეები ირგვებოდა იმისთვის, რომ გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა დენდროლოგიური პარკის სახით შემატებოდა. ძალიან ბევრი მტკიცებულება მაქვს ნანახი, როცა იქ, სადაც ხე ამოიღეს, შესაბამის ვადაში მოხდა მისი აღდგენა. იმ ადგილას, ბუნებრივია, ასწლოვანი ხე ვერ იქნება დარგული, თუმცა გარემოსთვის ზიანის აღმოფხვრა ხდება. ამას გარდა, იქ ახალ ხეებსაც რგავენ”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, ნამდვილად გადაარჩინა თუ არა ივანიშვილმა ეს ასწლოვანი ხეები, რაზეც თავად საუბრობს. ცქიტიშვილი პასუხობს: “რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა, ასე რომ, შეგიძლიათ ენდოთ.”

ბიძინა ივანიშვილი veluribuneba.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ასწლოვანი ხეები გადაარჩინა:”გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი