“ჩვენი მთავრობის პირობებში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ ინტერესი და ყურადღება გაზრდილია ისე, როგორც არასოდეს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ცენტრის ფონდებში არსებულ ვითარებას სახელმწიფო კომისია შეისწავლის, რამდენიმე კვირაში ხელფასების ზრდის პროცესი დაიწყება, ასევე, აშენდება ახალი შენობა, რომლის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება.
ცენტრში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამდებობიდან გადააყენეს ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და მის ნაცვლად დაინიშნა ზაზა აბაშიძე. პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ შეაფასა მდგომარეობა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პოლიტიზება დაუშვებელია.

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების კუთვნილება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უდიდესი საგანძური. იქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები, რომლებიც ძალიან ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში, მთავრობები ცენტრს ყურადღებას არ აქცევდნენ და ახლა აღმოჩნდა ის ყველასთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის ჩვენი ოპონენტებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ფარისევლობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის ახალი დირექტორი, ზაზა აბაშიძე, დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცენტრს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეფექტური მმართველი სჭირდება, რომლის დანიშვნაში სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია.




