ახალი ამბები

ბავშვთა პირველი ჰოსპისი OSGF-ის, “ევექსის” და პრეზიდენტის მხარდაჭერით აშენდება

29 მაისი, 2015 • • 2302
ბავშვთა პირველი ჰოსპისი OSGF-ის, “ევექსის” და პრეზიდენტის მხარდაჭერით აშენდება

აღნიშნული ჰოსპისის მშენებლობის დაწყების მიზნით, ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ”, ააიპ “ბავშვთა ჰოსპისმა” და ,,სამედიცინო კორპორაცია  ევექსმა” თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, 29 მაისს გააფორმეს. 

 

ბავშვთა საერთაშორისო ჰოსპისების სტანდარტების შესაბამისი ჰოსპისის აშენების იდეა, როგორც  OSGF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი ამბობს, 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. 

 

როგორც აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.

 

ამის შემდეგ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით და მხარდაჭერით დაფუძნდა „ბავშვთა ჰოსპისი“, რომელიც ამ ეტაპზე პალიატიური მზრუნველობის საჭიროების ბავშვებს ბინაზე ემსახურება.

 

“ჩვენს სოციალურ პასუხისმგელობად ჩავთვალეთ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა პირველ რიგში იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ასეთ მზრუნველობას საჭიროებენ, მათი მშობლებისთვის, რომლებიც ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას საჭიროებენ”, – ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე, ,”სამედიცინო კორპორაცია  ევექსის” წარმომადგენელი. 

 

მისივე განმარტებით, პროექტი დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

 

“ჩვენ უზრუნველვყოფთ ინფრასტრუქტურულ ნაწილს. ოპერირებას კი უკვე  ააიპ “ბავშვთა ჰოსპისი” განახორციელებს”, – ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.  

 

ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები  და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად, შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

 

“იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის დაფინანსების ნაწილს მაინც. ეს ასეა ევროპის ყველა ქვეყანაში”, – ამბობს ქეთი ხუციშვილი. 

 

საქველმოქმედო პროექტის განხორციელებისთვის პირველი, როგორც ფონდში განმარტავენ, მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს პრეზიდენტმა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა “ განახორციელეს. 

 

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას ითვალისწინებს. ასეთი მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და  სულიერი მხარდაჭერის გაწევას.

 

პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება – ბავშვებში ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა.  

 

“ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰოსპისი მცირე ზომის,  მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ.

 

უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა ოჯახზეა ორიენტირებული. უმჯობესია, რომ  პალიატიური მზრუნველობა რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიწყოს. ეს ეფექტურია როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახის წევრებისათვის, რადგან ამსუბუქებს ტკივილს და ემოციურ გადატვირთვას, რომლებიც ბავშვს და მის ოჯახს ერთნაირად ურთულებს მძიმე დაავადებასთან შეგუებას და ბრძოლას”, – განმარტავენ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელები.

 

საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას და განვითარებას 1999 წლიდან ხელს უწყობს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”. ფონდის მხარდაჭერით დღემდე თბილისში ფუნქციონირებს ორი ჰოსპისი ზრდასრული პირებისთვის- ერთი ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე, მეორე კი ფერისცვალების დედათა მონასტერში. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი