იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები რევოლუციური ხასიათის მატარებელია და, ერთი მხრივ, ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის გამარტივების პროცესის დასაწყისა, მეორე მხრივ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის წარმატებით დასრულებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
საკითხი შეეხებოდა კოდექსის 260-ე მუხლს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებისთვის ერთიან მიდგომას ითვალისწინებდა.
შემოთავაზებული ცვლილებებით კი აღნიშნულ ქმედებებს ცალკე ემიჯნება ნარკოტიკების გასაღების სანქციის ზომა, რომელიც თავისუფლების აღკვეთის 6-11 წლამდე ვადას ითვალისწინებს.
კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ შეაფასა.
მისი განცხადებით, პროექტზე მუშაობისას მთავრობამ ევროპელი კოლეგების შემოთავაზებული რეკომენდაციები გაიზიარა და ნარკომომხმარებლების მიმართ არსებული პოლიტიკა შეცვალა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ჰუმანური კანონპროექტია წარმოდგენილი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლების და რეალიზატორების ქმედებებს მიჯნავს. ეს არის სამართლიანი მიდგომა და ამ კანონის მიღების შემდეგ პატიმრობაში მყოფ ნარკომომხმარებლებს შეეძლებათ სასჯელის შემსუბუქებით ისარგებლონ. რა თქმა უნდა, ნარკოტიკების მოხმარება არის ცუდი, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია მათ მიმართ რელევანტური იყოს და მათ მიმართ მიდგომა შეცვალოს. ეს კანონპროექტი კი სწორედ ამ ვალდებულების შესრულებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.