ახალი ამბები

ომბუდსმენი: მხოლოდ წლის პირველ ნახევარში მუშაობისას 25 ადამიანი გარდაიცვალა

10 დეკემბერი, 2019 • 763
ომბუდსმენი: მხოლოდ წლის პირველ ნახევარში მუშაობისას 25 ადამიანი გარდაიცვალა

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ომბუდსმენის თქმით, მხოლოდ 2019 წლის პირველ ნახევარში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 71 ადამიანი დაშავდა, 25 კი გარდაიცვალა.

ნინო ლომჯარიას თქმით, წინა წელთან შედარებით არსებული კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები, ეს პრობლემა მაქსიმალრად სწრაფად რომ მოგვარდეს.

ამასთან, ომბუდსმენი დადებითად აფასებს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ყველა სექტორზე გავრცელებას და შრომის ინსპექტორებისთვის, შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის მიცემას:

“ამ ეტაპზე შრომის ინსპექტორებს არ აქვთ შრომის კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობისა და გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულია კანონმდებლობაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამუშაო ფორმატით განიხილება სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროეტის დროული დამუშავება ყველა რისკების გათვალისწინებით, რომ შედეგად, მაქსიმალურად მოხდეს დასაქმებულთა უფლებების ხელყოფისგან დაცვის უზრუნველყოფა და ამავდროულად, არ შეიქმნას ცვლილებების საფუძველზე გათვალისწინებული მოთხოვნებს პრაქტიკაში აღსრულების პრობლემა”, – ამბობს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი