ახალი ამბები

მგონი, “ნაციონალური მოძრაობა” მხედრიონს ქმნის – მდინარაძე იურიდიულ ჯგუფზე

9 დეკემბერი, 2019 • 1024
მგონი, “ნაციონალური მოძრაობა” მხედრიონს ქმნის – მდინარაძე იურიდიულ ჯგუფზე

“ნაციონალური მოძრაობა”, მე მგონი, მხედრიონს ქმნის და კიდევ უფრო გამარგინალდებიან თავიანთი ამ გაცვეთილი მეთოდებით”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას იმის შესახებ, რომ ენმ ქმნის იურისტთა ჯგუფს, რომელმაც 20 ივნისის შემდეგ სამართალდმაცველთა გადაცდომები უნდა შეისწავლოს.

“ცალკე იურიდიული ჯგუფის შექმნა, რომელიც სამართალდამცველ ფუნქციებს შეითავსებს, არის სრული მარაზმი. მხოლოდ “ნაციონალს” შეიძლება, თავში მოუვიდეს ეს ამბავი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” მირდატ ქამადაძემ განაცხადა იურისტთა ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენს, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ. ქამადაძის თქმით, მოძალადე სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს იმ ვიდეოკადრებით გამოავლენენ, რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს, დაადგენენ მათ ვინაობას ან იდენტიფიკაციისთვის მიმართავენ შესაბამის ორგანოებს და მოპოვებულ მასალებს შესასწავლად პროკურატურას გადასცემენ.

5 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ განაცხადა იურიდიული დახმარების ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც პოლიციელების მიერ უკანონო დავალებების შესრულების საკითხსა და უფლებამოსილების გადამეტების საკითხებს შეისწავლის.

“ბოლო პერიოდში გახშირდა პოლიციის მხრიდან უკანონო დავალებების შესრულება პოლიტიკური მოტივაციით. ეს რიგ შემთხვევაში გამოიხატება დანაშაულებრივი უმოქმედობით, როდესაც პოლიცია არ რეაგირებს მოძალადე ჯგუფების მიერ ოპოზიციურად განწყობილ პირთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე; რიგ შემთხვევებში პოლიციის მხრიდან გამოიხატება აქტიურ დანაშაულებრივ ქმედებებში, ეს იქნება მტკიცებულებების ფალსიფიცირება, იარაღის ჩადება თუ პოლიტიკური მოტივით დაკავება. ამ საკითხებს ჩვენ გამოვიძიებთ. თითოეული ფაქტი შეიკვრება ქეისებად და ამას წარვადგენთ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოში, რომელიც ძალიან მალე ეყოლება ამ ქვეყანას. ჩვენი იურიდიული ჯგუფი იმუშავებს ასევე იმ მოსამართლეების საქმეზე, ვინც შემჩნეულია პოლიტიკური მოტივაციით მიღებულ გადაწყვეტილებებში და ასეთი მოსამართლები, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს. მათი საქმიანობაც აუცილებლად იქნება შესწავლილი”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მირდატ ქამადაძეც და ბექა ბასილაიაც ამბობენ, რომ პარტიის და დამოუკდიებელ იურისტთა ჯგუფები ერთი ქოლგის ქვეშ არ იქნებიან, თუმცა კოორდინაცია ექნებათ.

“ჯგუფი შევქმენით დამოუკიდებელმა იურისტებმა, რომელლებიც პარტიასთან აფილირებული არ ვართ. “ნაციონალური მოძრაობა” თავის მხრივ თუ გეგმავს, რომ ამ ჯგუფთან ითანამშრომლოს და გარკვეულ საკითხებში დააფიქსიროს პოზიცია, ჯგუფში მონაწილეობა მიიღოს ენმ-ს წევრმა კონკრეტულმა ადვოკატმა, აქ არავითარი პრობლემა არ არის. შეუძლებელია, სამართლებრივი პროცესები, რაც ჩვენ დავიწყეთ და რაც აუცილებლად იქნება დაკავშირებული უკანონო ბრძანებების შესრულების გამოძიებასთან, პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოვლენასთან, უკანონო დაკავებებთან და ა.შ. – ეს როგორ შეიძლება შეფასდეს როგორც მხედრიონი? მხედრიონის სტილში მუშაობს ზუსტად “ქართული ოცნება”, რომელიც არაფორმალური ჯგუფებით ცდილობს, არაფორმალური ჯგუფებით ზეწოლა მოახდინოს თავისუფალ მომიტინგეებზე”, -განუცხადა “ნეტგაზეთს” ბექა ბასილაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი