“ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში. მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში – ეს არის კონსტიტუციით დადგენილი ნორმა,” – განმარტა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლომ იმსჯელა იმის შესახებ, თუ რა პრინციპების შესაბამისად უნდა ხდებოდეს ოლქების საზღვრების დადგენა.

“ეს დებულებები საარჩევნო კოდექსში ფიგურირებს ბოლო 20 წელია, ეს სისტემა შემოღებული იყო წინა რამოდენიმე ხელისუფლების მიერ. ჩვენ, კოალიცია “ქართულ ოცნებას” ამ საკითხზე გვქონდა მკაფიო პოზიცია წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდგომაც, რომ ეს ხარვეზი არის გასასწორებელი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს ხანებში ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ საარჩევნო რეფორმის შემდგომ ეტაპს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებებს, რაც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან.
“სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართულება ემთხვევა ქართული ოცნების მიმართულებას. უფრო დეტალურად მოგვიანებით ვიმსჯელებთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
ეს გადაწყვეტილება სასამართლომ სახალხო დამცველის უჩა ნანაუაშვილისა და მოქალაქე მიხეილ შარაშიძის სარჩელის განხილვის შემდეგ გამოიტანა. უჩა ნანუაშვილი კანონის ამ ნორმას ჯერ კიდევ მაშინ ასაჩივრებდა, ვიდრე ის სახალხო დამცველი გახდებოდა, მასთან ერთად საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე მიხეილ შარაშიძე უჩიოდა.




