ახალი ამბები

NGO-ები: “ოცნების” მმართველობის 2 წელში საჯარო და კერძო სფერო უფრო პლურალისტურია, ვიდრე ენმ-ს ხელისუფლების ბოლო წლებში

28 მაისი, 2015 •
NGO-ები: “ოცნების” მმართველობის 2 წელში საჯარო და კერძო სფერო უფრო პლურალისტურია, ვიდრე ენმ-ს ხელისუფლების ბოლო წლებში

როგორც ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, არასამთავრობოების შეფასება ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნების” კოალიციის ორწლიანი მმართველობის პირველ ორ წელს საჯარო და კერძო სფერო უფრო პლურალისტური და თავისუფალი იყო, ვიდრე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში. მიუხედავად ამ წინსვლისა, ანგარიშში განხილული ყველა მიმართულებით ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევა დგას. ანგარიშის ავტორი არასამთავრობოების მოსაზრებებით საანგარიშო პერიოდში თითოელი სფეროს მიხედვით იკვეთება როგორც მიღწევები, ისე გამოწვევები.

 

“ძირითადი კრიტერიუმები, რომლითაც [მთავრობის 2-წლიან საქმიანობას] ვაფასებდით, იყო ის გეგმები და დაპირებები, რომელიც “ქართულ ოცნებას” არჩევნებამდე ჰქონდა… რამდენად შესრულდა ესა თუ ის მიზანი, რამდენად განხორციელდა რეფორმები, რომელიც თავიდან იყო დასახული. ანგარიში მოიცავს როგორც დადებით შეფასებებს ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს. გამოწვევების ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლებიდან არის დარჩენილი, ნაწილი კი ბოლო ხანებში გამოიკვეთა. ანგარიშის ერთიანი შეფასება ცოტა ძნელია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური გარემო უფრო პლურალისტური და თავისუფალია ბოლო წლების მანძილზე. ამავე დროს არსებობს სერიოზული პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია, მათ შორის არაფორმლაური მმართველობის ნიშნები, რომელმაც სამომავლოდ დემოკრატიის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუშალოს”, – ამბობს ქეთი ხუციშვილი ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ხელმძღვანელი. კონფერენცია სწორედ ფონდის მხარდაჭერით ტარდება.

 

შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. ეს სფეროებია სახელმწიფო მართვის სისტემა და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები და თანასწორობა, ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, საგარეო პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ღია მმართველობა, მედია, მიგრაცია და კულტურული მემკვიდრეობა. ანგარიშის ცალკეული თავები მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), იდენტობა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მრავალეროვანი საქართველო (PMMG), მწვანე ალტერნატივა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.


ნეტგაზეთის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ არითმეტიკული პრინციპით დავყოთ, განხილული 20 სფეროდან რამდენშია პროგრესი, ხოლო რამდენში რეგრესი, ქეთი ხუციშვილი პასუხობს:


 

“ასეთი არითმეტიკა ძალიან რთულია. თითოელი სფეროს ანგარიში სამ ბლოკად არის დაყოფილი: მიღწეული პროგრესი, გამოწვევები და რეკომენდაციები. შეიძლება ითქვას, რომ არის სფეროები, სადაც წინსვლა უდავოა, მაგალითად, სასჯელაღსრულების სფერო, ადამიანის უფლებების სფერო იმ ნაწილში, რომელიც წამებას ეხება. წამებას სისტემური ხასიათი აღარ აქვს, თუმცა მაინც არის არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომელსაც სათანადო გამოძიება სჭირდება. თვითმმართველობის სფეროში არის პროგრესი იმ მხრივ, რომ ბოლოს და ბოლოს შეიქმნა თვითმმართველობის კოდექსი, თუმცა რჩება უზარმაზარი გამოწვევები იმიტომ, რომ მოქალაქეების მონაწილეობა ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი”.

 

“ანგარიშის ცალკეული თავების შინაარსზე პასუხისმგებელნი მხოლოდ შესაბამისი თავების ავტორი ორგანიზაციები არიან და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ანგარიშის სხვა თავების ავტორების შეხედულებებს”, – აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი