ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგებზე და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს

9 დეკემბერი, 2019 • 1523
ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგებზე და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს

ოპოზიცია დღეს, 9 დეკემბერს, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მორიგ სხდომას გამართავს და ელჩების შუამავლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.

“17:00 საათზე “ლეიბორისტების” ოფისში იქნება მთლიანად ოპოზიციის სხდომა, სადაც განხილული იქნება ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის შედეგი. ამის შემდეგ მოქმედებების გეგმა იქნება დასახული. ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ არა მარტო იმაზე, როგორ უნდა ვილაპარაკოთ სამართლებრივ რეჟიმში იმ შემოთავაზებებზე ან იმ დათმობებზე, რაზეც შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, საუბარია მრავალმანდატიან ოლქებზე, არამედ იქნება მსჯელობა და მზადება აქციებისთვის, პიკეტირებისთვის. ამ ფონზე გვიწევს მოლაპარაკებები”, – განაცხადა პარტიის “ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით 8 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან იმსჯელონ მარავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შექმნაზე.

“ჩვენ მიერ წარმოდგენილი მოდელის პირველი ნაწილი არის პრორპორციული განაწილების წესი, მეორე – მაჟორიტარული არჩევნების ჩატარების წესი. გუშინ საუბრისას გამოიკვეთა ასეთი ვითარება, პირველ ნაწილზე ხელისუფლებას აქვს კონსტიტუციურობის პრობლემა. ამიტომ ჩვენი საერთაშორისო კოლეგების მხრიდან იყო დასმული საკითხი – მეორე ნაწილზე სასაუბროდ ხართ მზად? ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით კონსტიტუციურობის პრობლემას ვერ ხედავენ, დანარჩენი შეისწავლიან და მოგვიანებით იტყვიან მათ პოზიციას”, – განაცხადა “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მისი შეფასებით, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელით, ვერცერთი პარტია მაჟორიტარული 73 მანდატის ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

“ამ თემაზე ხელისუფლების ჩამოყალიბებას ველოდებით და გაგრძელდება საუბარი. ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ამის მიღწევის საშუალებად ხელისუფლება ხვალ თუ მოგვიტანს უკეთეს მოდელს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენ გერმანულზე და ავსტრალიურზე ჯვარი კი არ გვაქვს დაწერილი. ამიტომ პროცესი გრძელდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი