ახალი ამბები

ჯაფარიძე: ჩემთან ერთად ენმ-დან წამოსული არც ერთი კოლეგა არ აპირებს საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას

27 მაისი, 2015 •
ჯაფარიძე: ჩემთან ერთად ენმ-დან წამოსული არც ერთი კოლეგა არ აპირებს საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას

“ჩვენთვის არასოდეს ყოფილა მოტივაცია 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მიღების იმედი (რაც ჩემთვის, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის სავარაუდოდ გარანტირებული იყო). მეტიც, ჩემთან ერთად ენმ-იდან წამოსული არც ერთი კოლეგა არ აპირებს 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას, რადგან სჯერა რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს”, – ნათქვამია ჯაფარიძის განცხადებაში.

 

იმავე განცხადებაში იმის ასახსნელად, თუ რატომ მაინც და მაინც ახლა მოხდა ენმ-დან ოთხი დეპუტატის წასვლა, ჯაფარიძე წერს:

 

“ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები”.

 

ჯაფარიძე მიუთითებს, რომ ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ორი გამოცდა (1. არჩევნების გზით გადააბარა ხელისუფლება; 2. დამარცხების შემდეგ არ დაიშალა პარტია და გადარჩა) წარმატებით ჩააბარა, თუმცა, მისივე თქმით, ნაცმოძრაობამ ვერ ჩააბარა მესამე გამოცდა, რომ მომხდარიყო პოლიტიკური ძალის სრული განახლება და მეტი გახსნილობა:

 

“პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა, სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა”.

 

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს ენმ-დან ოთხი დეპუტატი – ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი