ახალი ამბები

გია ნოდია: ენმ-დან წასულ 4 დეპუტატში ძლიერი პარტიის ჩამოყალიბების რესურსს ვერ ვხედავ

26 მაისი, 2015 •
გია ნოდია: ენმ-დან წასულ 4 დეპუტატში ძლიერი პარტიის ჩამოყალიბების რესურსს ვერ ვხედავ

გუშინ გავიგეთ, რომ ნაციონალური მორაობის ოთხმა წევრმა პარტია დატოვა. მათ ჯერჯერობით მიზეზებზე არ უსაუბრიათ, თუ რატომ გააკეთეს ეს, მაგრამ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გაქვთ, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რაზე მიანიშნებს მათი ენმ-დან წასვლა? რა პროცესების დასაწყისი შეიძლება, რომ იყოს ეს?

 

სანამ თვითონ არ აუხსნიათ, თუ რატომ წავიდნენ, ეს ძნელი სათქმელია. თუ ვიტყვით, რომ რაღაცის დასაწყისია, ეს ნიშნავს, რომ მათ სხვებიც უნდა გაყვნენ, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, ან არა. გააჩნია, რა მიზეზებს დაასახელებენ თვითონ და რა გეგმები აქვთ ალტერნატიული ძალის შექმნის თაობაზე. აქვთ თუ არა საერთოდ ასეთი გეგმა? სანამ ცნობილი არ არის,  ნაადრევია იმის თქმა, ამას რაიმე  გაგრძელება ექნება, თუ  4 ადამიანის გადაწყვეტილებად დარჩება.

 

მართალია, მათ ამის შესახებ არ უთქვამთ, მაგრამ, მაგალითად, ირმა ნადირაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ისინი ახალი პარტიის ჩამოყალიბებას აპირებენ. თუ ხედავთ ამ 4 პოლიტიკოსში იმის რესურსს, რომ ახალი ძლიერი პარტიის ჩამოყალიბება შეძლონ?

 

ძლიერი პარტიის ჩამოყალიბების რესურსს ვერ ვხედავ. 

 

რატომ? იგივე პავლე კუბლაშვილი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია…

 

ძლიერი პარტიებს ქმნიან ან ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ტალღას ასკდებიან, და ბოლო ხანებში ჩვენ ვნახეთ მილიარდერი… 

 

ზურა ჯაფარიძეც საკმაოდ კომპეტენტური პოლიტიკოსია ეკონომიკის საკითხებში… რატომ ვერ ხედავთ რესურსს, მით უმეტეს, როდესაც NDI-ს კვლევა ადასტურებს, რომ  საკმაოდ დიდი სივრცე არსებობს ახალი პოლიტიკური ძალებისთვის.


გასაგებია, პრინციპში ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ ახალი ამომრჩევლის მისაზადად რაღაც თვისებებია საჭირო. თეორიულად ვერ გამოვრიცხავ, რომ ისინი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნას შეძლებენ, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ.

 

მაქსიმუმ რისი გაკეთება შეუძლია ამ ჯგუფს თქვენი აზრით?

 

ძნელი სათქმელია, ისიც არ ვიცი, აპირებენ თუ არა საერთოდ ახალი პარტიის ჩამოყალიბებას. თერიულად არ არის გამორიცხული, რომ ძალიან წარმატებულები იყვნენ, მაგრამ საქართველოში ბევრი პარტია არსებობს, რომელიც დამოუკიდებლად ბევრს ვერაფერს აღწევს. ძალიან რთულია, რომ პარტიამ დამოუკიდებლად მიაღწიოს მიზანს. რესპუბლიკური პარტია რამდენი ხანია არსებობს, მაგრამ დამოუკიდებელ ძალად დღესაც ვერ ჩამოყალიბდა და ყოველთვის თავს აფარებს დიდ გაერთიანებებს.

 

გაერთიანებები ახსენეთ და როდესაც მათ განცხადეს ენმ-ს დატოვების შესახებ, მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი შესაძლოა გაერთიანდნენ ყოფილი დიპლომატების პოლიტიკურ ძალასთან – ივერიასთან. ეს საკითხი არც გოგა ხაჩიძეს უარყვია, მან თქვა, რომ შესაძლოა ასეთი დაშვება. თქვენი აზრით, ასეთი გაერთიანება მომგებიანი იქნებოდა ორივე მხარისთვის?

 

ორივე მხარისათვის შეიძლება, რომ მომგებიანი იყოს, რადგან ცალ-ცალკე მათ საკმაოდ მცირე შანსი აქვთ… შეიძლება, ეს საარჩევნო ნიშა იყოს ისეთი ამომრჩევლების მისაზიდად, ვინც ზოგადად ნაციონალების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, მაგრამ ვერ პატიობს გარკვეულ ქცევას, რაღაც რესპრესიებს თუ ადამიანის უფლებების დარღვევებს. ეს ის პოლიტიკოსები არიან, ვინც ენმ-ს უფრო ძლიერ მხარეებთანაა ასოცირებული და შეუძლიათ იმ ნეგატიური ასპექტებისაგან დისტანცირება, რაც ენმ-ს ე.წ. სისხლიან 9 წელთან აკავშირებს. თუ გაერთიანდებიან, იმედი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ენმ-ს ვერ აჯობებენ.

 

მინდა, რომ გაგახსენოთ ენმ-ს აქცია, რომელიც ამ პარტიის რებრენდინგის სახელით გაიმართა და რომელსაც ახალი ეროვნული მოძრაობა ეწოდა. იმ აქციაზე ითქვა, რომ პარტია უნდა შეიცვალოს. მას შემდეგ, რაც ეს 4 დეპუტატი ენმ-ს გამოეყო, ეს თემა ისევ გაცოცხლდა. ამ აქციის შემდეგ წელიწადზე მეტი დრო გავიდა უკვე. თქვენი აზრით, შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ განახლება და ახლა ხომ არ იწყებს ამ პროცესს?

 

ფაქტობრივი განახლება, რა თქმა უნდა, ხდება თუნდაც იმიტომ, რომ “ვირთხები” (ამ ოთხ ადამიანს არ ვგულისხმობ) მოშორდნენ,  რომლებიც ოპორტუნისტული მოსაზრებების გამო იყვნენ ამ პარტიასთან ერთად. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახდა ნაციონალური მოძრაობის გამოკვეთილი მომხრე. განახლება ხდება, მაგრამ რას ნიშნავს ეს განახლება რეალურად? როგორც ჩანს, ამაზე თვითონ ენმ-შიც არ არის ერთიანი აზრი. არსებობს განსხვავებული მოსარებები ენმ-ს და მისი მხარდამჭერების შიგნით, ვიღაცები კრიტიკულად უყურებენ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ მოღვაწეობის რაღაც ასპექტებს, ვიღაცები არ იღებენ ამ კრიტიკას. კარგი და საჭირო იქნებოდა თვითონ ენმ-ს შიგნით დისკუსია იმაზე, თუ რა უნდა ჩაითვალოს შეცდომად და რა არა. ეს დისკუსია შეიძლება სპონტანურად მიმდინარეობს, მაგრამ ფორმალიზებული სახე არ აქვს. მგონია, რომ ეს უფრო მნიშნელოვანია და არა რაღაც რებრენდინგი. მე თავიდანვე სკეპტიკურად შევხედე ამ ახალი მოძრაობის შესახებ მოსაზრებას.  მგონია, რომ ამას არანაირი შინაარსი არ ჰქონდა.


გია ნოდია; ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან
გია ნოდია; ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან

 

როდესაც ზემოხსენებულმა 4-მა პირმა პარტია დატოვა, ენმ-ს წარმომადგენლების მხრიდან რამდენიმე შეფასება გაკეთდა იმის შესახებ, რომ ეს იყო უპასუხისმგებლო საქციელი, ასევე იყო შეფასება იმის შესახებ, რომ ამ ადამიანებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს. ეს შეფასებები ნაჩქარევი ხომ არ იყო ან პოლიტიკურად არასწორი პარტიის წევრების მხრიდან, იმ ფონზე, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით ისინი არ იცვლიან ღირებულებებს და ისევ აგრძელბენ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან…

 

თუ ადამიანი რჩება პარტიაში, ცხადია, ის ვერ მიესალმება ვიღაცის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ წავიდეს გაერთიანებიდან. ვერ ვიტყვი, რომ მათი წასვლა დიდ ლახვარს ჩასცემს ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა საკმაოდ მტკივნეული და არასასიამოვნო ფაქტია. ბუნებრივია, რომ პარტიის მომხრეებსა და წევრებს ეს არ გახარებიათ. ეს რომ არ გამოეხატათ, ჩემი აზრით, ფარისევლობა იქნებოდა.


თქვენი ახსენეთ, რომ დიდი ლახვარის ჩაცემა არ არის ეს ფაქტიო, მაგრამ იგივე ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ბევრი ინიციატივა გვესმოდა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით… გოგა ხაჩიძეც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა განსაკუთრებით სოციალური ქსელების მეშვეობით. რა სახის დანაკლისია ამ ადამიანების წასვლა ენმ-დან?


მტკივნეულია, მაგრამ ლახვარი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ენმ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილთან და დიდ გუნდთან არის ასოცირებული. რამდენიმე ადამიანის გასვლა ტრაგიკული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსები არიან და მათი გასვლა მტკივნეულია პარტიისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი