ახალი ამბები

“დამოუკიდებელი დეპუტატები” ე.წ. გერმანულ მოდელზე განცხადებას ავრცელებენ

6 დეკემბერი, 2019 • 2959
“დამოუკიდებელი დეპუტატები” ე.წ. გერმანულ მოდელზე განცხადებას ავრცელებენ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ განცხადებით, “გერმანულ მოდელზე” მათი გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება ეუთო-ს და ვენეციის კომისიის დასკვნაზე.

დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია აცხადებს, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრიდან და სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა.

“დღესაც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამართლებრივ ინიციატივას, რომელიც შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებს და გაზრდის საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პლურალიზმს. საარჩევნო სისტემის ე. წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა და ფიქსირდება ურთიერთგამომრიცხველი პოზიციები თავად კონსტიტუციონალისტებს შორის. საინტერესოა ეუთო-სა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელთან“ ან მის სხვა ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით დიდად იქნება დამოკიდებული ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებზე”, – ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.

ამასთან, ფრაქცია დამატებითი კონსულტაციების გამართვას გეგმავს საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, კონსტიტუციონალისტებთან და საარჩევნო სისტემის ექსპერტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი