ახალი ამბები

თუ ხელისუფლება გაფრთხილებას არ მიიღებს, დაიწყება ეროვნული წინააღმდეგობა – ვაშაძე

6 დეკემბერი, 2019 • 1816
თუ ხელისუფლება გაფრთხილებას არ მიიღებს, დაიწყება ეროვნული წინააღმდეგობა – ვაშაძე

დღეს 6 დეკემბერს, ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია ხელისუფლებისთვის გაფრთხილება უნდა იყოს.

მისი თქმით, თუ ის ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, დაიწყება ეროვნული წინააღმდეგობა.

“თუ ამ გაფრთხილებებს ხელისუფლება არ მიიღებს, ჩვენ დავიწყებთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას – მთელი საქართველოს მასშტაბით.

ეროვნული წინააღმდეგობა ნიშნავს უფრო ფართო წინააღმდეგობის მოძრაობის გეგმას, სხვა დეტალებს კი ჯერ არ ვამბობთ. უბრალოდ, როგორც გაფრთხილება ისე უნდა მიიღოს ხელისუფლებამ – თუ ისინი დროულად გონს არ მოეგებიან, დაიწყება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა,“- ამბობს ვაშაძე.

ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული ან ადაპტირებული “გერმანული მოდელით” ჩატარებას ითხოვს.

ჟურნალისტის კითხვებზე კი ის პასუხობს, რომ ამ მოძრაობაში იგულისხმება, მათ შორის აქციებიც.

ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა დაახლოებით, 14:00 საათზე კიკვიძის პარკიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ჩაუარეს “ოცნების“ ოფისთან, ბოლოს კი ქალაქის მერიასთან გაჩერდნენ, სადაც, ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლები დაიწყეს.

ქუთაისში აქციის მონაწილეების მიმართულებით კვერცხები და ქათამი ისროლეს – “ქუთაისი პოსტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი